„პატრიოტთა ალიანსმა“ პროკურატურაში განცხადება შეიტანა
„პატრიოტთა ალიანსმა“ 2004-2011 წლებში საქართველოში ადამიანთა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ციხეებში პატიმრების გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის თქმით, პროკურატურამ 2016 წლის პარლამენტის დადგენილებით უნდა იხელმძღვანელოს.
„პროკურატურაში დღეს ჩვენ შევიტანთ ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად განცხადებას, ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს პარლამენტის 2016 წლის დადგენილებით. ეს დადგენილება ეხება 2004-2011 წლებში ადამიანთა წამების, ციხეებში პატიმრების გაუპატიურების ფაქტებს, არის ათასობით ფაქტი მოყვანილი, არის კონკრეტული ჩვენებები. ეს დადგენილება მკაფიოდ ამბობს, რომ დანაშაულს ორგანიზებას უწევდნენ მაღალი პოლიტიკური პირები, მე ახლა ვსაუბრობ სააკაშვილზე, ბოკერიასა და იმ პირებზე, რომლებიც წარმოადგენდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ხელისუფლებას”, – განაცხადა ინაშვილმა.