როგორ გაგრძელდა ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის ექსპერიმენტი
ჩვენ რამდენიმე დღის წინ გიამბეთ ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის საინტერესო ფოტოექსპერიმენტზე, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ფიტნესთან იყო დაკავშირებული. ზაქარია ცდილობდა, მოეძებნა ფიტნესდარბაზი და იმ ფიტნესდარბაზში მოვარჯიშე ადამიანები თუ ინსტრუქტორები, რომლებიც მისი შთაგონების წყარო გახდებოდნენ. მას სურდა, ამავე გარემოში ეპოვა სტიმული და მოტივაცია, რომელიც თავად ზაქარიას დაეხმარებოდა ვარჯიშისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყებაში.
მოკლედ, დაიწყო და შთაბეჭდილებებს მისივე „ფეისბუქპოსტიდან“ გაგიზიარებთ.
„ვიყავი Aspria Fitness-ში.
გულწრფელად გითხრათ, რას ვფიქრობ?
აქ ყველა ერთ ენაზე საუბრობს ანუ ყველა ერთმანეთს გულშემატკივრობს, ეხმარება, რჩევებს უზიარებს, თითქოს ერთი დიდი ოჯახია…. აქ ყველა ბედნიერია, ერთმანეთი უყვართ, ბაძავენ ერთმანეთს…სხვა სამყაროა, მოწესრიგებული, ყველას თავისი რიგი აქვს, თავისი ადგილი და უსიტყვოდ, დინამიკაში, მიმიკებით საუბრობენ. სტიმულით აძლიერებენ ერთმანეთს და რაც მთავარია თავისუფლები არიან, ჰარმონიაში საკუთარ თავთან და სხეულთან!
ვუყურებ მათ და მინდა მათნაირი ვიყო, მინდა ავყვე და დავამტკიცო, რომ ჩემი ადგილიც არის აქ, უბრალოდ ამისთვის დრო და ნებისყოფა მჭირდებოდა!!!
მადლობა თითოეულ ადამიანს – გადაღება არ გამიპროტესტეს. მე ჩემთვის ვიბოდიალე და გადავიღე.
მადლობა თითოეულ თანამშრომელს კომფორტისთვის.
მე მოტივირებული ვარ, იმედი მაქვს თქვენზეც იმოქმედებს დადებითად.
ჩემი ერთი დღე ასპრიაში.“ – დაწერა ზაქარიამ საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ და ფიტნესდარბაზში გადაღებული ფოტოებიც გამოაქვეყნა.
ზაქარიამ დღემდე არაერთხელ სცადა ვარჯიშის დაწყება. როგორც ჩვენთან ინტერვიუში თავად აღნიშნა, ფიტნესი მისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესია, რომელიც საკმაოდ ბევრ საკითხს მოიცავს და ბევრ დროსა თუ ენერგიას მოითხოვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც მოტივაციაა. სწორედ მოტივაცია იყო მისი მთავარი ბარიერი და როგორც ჩანს, ბარიერი ჯერჯერობით დაძლეულია… ვნახოთ, თუ რამდენად ძლიერი აღმოჩნდება ეს მოტივაცია, ჩვენ კი, როგორც ზაქარიას საინფორმაციო მხარდამჭერები, ამ ამბის გაგრძელებას პერიოდულად შემოგთავაზებთ.