„სად დავიწყო ვარჯიში“ – ფოტოგრაფ ზაქარია ჭელიძის საინტერესო ექსპერიმენტი

დღეს ერთ საინტერესო ექსპერიმენტზე უნდა მოგიყვეთ, რომელსაც ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე გეგმავს. ეს ამბავი ფიტნესსა და ჯანსაღი ცხოვრების წესს უკავშირდება და ვფიქრობთ, რომ იმ ადამიანებსაც გამოადგებათ, ვინც ფიტნესს კარგა ხანია მისდევს, იმასაც, ვინც ახლა დაიწყო და იმასაც, ვისაც ჯერ ვერ გადაუწყვეტია. როგორც ზაქარიამ საკუთარ „ფეისბუქგვერდზე“ დააანონსა, ის ერთ-ერთ ფიტნესკლუბს ეწვევა და მისი შთაგონება ის ადამიანები იქნებიან, ვისთვისაც ვარჯიში და ფიტნესდარბაზი ყოველდღიური ცხოვრების წესია.

ზაქარიას პოსტს ჩვენც „ფეისბუქზე“ გადავაწყდით, ამბავმა დაგვაინტერესა და გადავწყვიტეთ, ჩვენი და ჩვენი მკითხველის, ასევე ზაქარიას რამდენიმე ათასი გამომწერის ინტერესი დავაკმაყოფილოთ. ყოველ შემთხვევაში, ვეცადოთ მაინც… არც პოსტში და არც ინტერვიუს დროს არ გაუმხელია, თუ რომელი ფიტნესდარბაზია მისი ექსპერიმენტის ობიექტი. შესაძლოა, უკეთესის შესარჩევად, რამდენიმე კლუბიც მოიაროს, თუმცა განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ შესაძლოა, ამ ექსპერიმენტმა გადაწყვიტოს უშუალოდ მისი და ფიტნესის ურთიერთობის მომავალი.

სანამ ზაქარიასთან ინტერვიუს დავიწყებდეთ, მანამდე მისი პოსტის იმ ნაწილს შემოგთავაზებთ, რომელზეც შესავალში არ გვისაუბრია. კაცმა რომ თქვას, ინტერვიუც ამ პოსტის გაგრძელებაა…


ნამეტანი გადავსუქდი და შენ?

ბოლო პერიოდში ბევრს ვფიქრობ ჯანსაღ გარემოსა და ჯანმრთელი ცხოვრების წესზე, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად გვჭირდება დღეს. დარწმუნებული ვარ და ბევრი დამეთანხმებით იმაში, რომ ჯანსაღი წესით ცხოვრება ხშირად სურვილად გვრჩება ხოლმე. მისი განხორციელება კი დიდი ბარიერების გადალახვასთან არის, რატომღაც, დაკავშირებული.

ჩემთვის, პირადად, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება, სწორად შერჩეული საკვები პროდუქტების გარდა, ფიტნესი ანუ ვარჯიშია. ხოდა გადავწყვიტე, ორივე მიმართულებით ჩავატარო პატარა ტესტი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მოკრძალებული აზრი მაქვს თბილისში არსებულ ფიტნესდარბაზებზე და ასევე, ტრენერებზე, ამ ეტაპზე თავს შევიკავებ და არ დავაანონსებ, თუ რომელი ფიტნესდარბაზის მომხმარებელი იქნება ჩემი შთაგონების სამიზნე კადრი. ვფიქრობ, საინტერესო ექსპერიმენტი მელის წინ და რა ვიცი, იქნებ სწორედ ეს ამბავი იყოს ჩემი ბარიერის გადალახვის პირველი ეტაპი ჯანსაღი ცხოვრების დასაწყებად.“


რა არის თქვენთვის ფიტნესი და თქვენი აზრით, რამდენად კარგად ესმით ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს მისი მნიშვნელობა?

-ჩემთვის ფიტნესი ჯანსაღი ცხოვრების წესია, რომელიც საკმაოდ ბევრ საკითხს მოიცავს და ბევრ დროსა თუ ენერგიას მოითხოვს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მაინც მოტივაციაა. არ მგონია, ჩვენთან ამ საკითხს სათანადო მნიშვნელობას ანიჭებდნენ, მაგრამ საგულისხმოა, რომ ბოლო წლებში ფიტნესის პოპულარობა გაიზარდა. ეს კარგია, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, ჯანსაღი ცხოვრების წესი პოპულარული სულ უნდა იყოს, რადგან ყველა ადამიანმა ყოველთვის უნდა იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე და ამას მოდაში შემოსვლა არ სჭირდება. საბედნიეროდ, როგორც აღვნიშნეთ, დღეს უფრო მეტად ესმით ადამიანებს ფიტნესის მნიშვნელობა, ვიდრე ადრე.

ზოგადად, რამენად მნიშვნელოვანია ჯამრთელი ცხოვრების წესის ჩამოყალიბება?

-როცა ახალგაზრდა ხარ, ამაზე არ ფიქრობ და თუ ჯანმრთელობა ხელს გიწყობს, თავს მაინც კარგად გრძნობ. მე 36 წლის ვხდები და ნელ-ნელა რაღაც-რაღაცები დღის შუქზე გამოდის. ხვდები, რომ არსებობს წნევა, გული, ფილტვები და რომ ორგანიზმი ვეღარ უძლებს ისეთ დატვირთვას, როგორსაც – ადრე. შესაბამისად, მიდიხარ იმ აზრამდეც, რომ მართალია, გიყვარს გემრიელი საჭმელი, თუმცა ქოლესტერინი გაწუხებს, ღამით აღარ გაძინებს, შემდეგ წამლების სმას იწყებ და აღმოაჩენ, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან საჭირო რამ ყოფილა და მას აუცილებლად უნდა მისდიო. არა იმიტომ, რომ სარკეში შენი სხეული მოგეწონოს, არამედ იმიტომ, რომ თავს კარგად გრძნობდე.

პირადად თქვენ თუ ვარჯიშობთ და თუ არა, მაშინ რა არის ის ბარიერი, რომელიც ხელს გიშლით?

-ჩემი პროფესიიდან და ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ძალიან ბევრს დავდივარ ფეხით. დღისით, როგორც, ალბათ, ადამიანების უმრავლესობა, ყავით და სიგარეტით ვკმაყოფილდები, მაგრამ როცა სახლში ენერგიაგამოცლილი ვბრუნდები, ბევრის ჭამა მიწევს. რა თქმა უნდა, ეს არასწორია და სიარულისას ყოველთვის ვგრძნობ, რომ ჩემს ორგანიზმში რაღაც უკვე ძალიან ზედმეტია. ბევრი პერიოდი მქონდა, ვიწყდებდი ხოლმე ვარჯიშს და შემდეგ თავს ვანებებდი, რადგან საკუთარ თავში მოტივაციას ვერ ვაღვივებდი. მთავარი ნებისყოფაა, რომელიც მე ჯერჯერობით არ მეყო.

როგორ შეაფასებდით საქართველოში არსებულ ფიტნესინდუსტრიას, რამდენად გამართულია ის?

-ქართული ფიტნესინდუსტრია ძალიან გაიზარდა, თუმცა, სამწუხაროდ, ძირითადად, მხოლოდ თბილისი და რამდენიმე დიდი ქალაქი დაიტვირთა. საქართველო არ არის მხოლოდ თბილისი. ვთვლი, რომ ფიტნესდარბაზებმა მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას, რადგან მათ, ვინც ქალაქში არ ცხოვრობს, სრულყოფილად ვარჯიშის საშუალება მიეცეთ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ინსტრუქტორების ფაქტორიც. ჩემი აზრით, კარგი ინსტრუქტორები ნამდვილად არსებობენ, თუმცა ყველა, ვინც, ასე ვთქვათ, „კარგ ტანზე დგას“, არ შეიძლება ინსტრუქტორი იყოს. ეს უნდა დარეგულირდეს, რადგან სწავლება და სწორი რჩევის მიცემა დამატებით უნარებსა და ცოდნას მოითხოვს. ამიტომ, მგონია, რომ შესაბამისი აკადემიაც უნდა არსებობდეს, სადაც მომავალი ინსტრუქტორები ისწავლიან. რასაც შორიდან ვხედავ ისაა, რომ ყველა ინდივიდუალურად სწავლობს და შემდეგ სხვას ასწავლის. თითქოს, უმეტეს მათგანს სტანდარტული ტექსტები და მიდგომები აქვთ. არაერთ ინსტრუქტორთან მისაუბრია და დამრჩენია შთაბეჭდილება, რომ ისინი ხშირად გაუგებრად საუბრობენ. ფიქრობენ, რომ მათთვის გასაგები საკითხები დილეტანტი მომხმარებლისთვისაც გასაგებია და ბოლომდე არ იხარჯებიან.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანებმა ვარჯიში ცხოვრების წესად გაიხადონ?

-მგონია, რომ საკითხის ფინანსური მხარეც მნიშვნელოვანია. დარბაზის გადასახადი, შესაბამისი კვების ხარჯები, შესაბამისი ატრიბუტიკა და სავარჯიშო ტანსაცმელი – ეს იაფი სიამოვნება ნამდვილად არ გახლავთ, თუმცა არსებობს გარე სივრცეებიც, საიდანაც შეგიძლია ვარჯიში დაიწყო. მთავარი მაინც მოტივაციაა და ის გადაწყვეტილება, რომელიც საკუთარ თავთან უნდა მიიღო.

-თუ შეგიძლიათ, უფრო დეტალურად მოგვიყვეთ თქვენი ექსპერიმენტის შესახებ?

-სანამ პანდემია დაიწყებოდა, მანამდე მივედი დარბაზში და ვარჯიში დავიწყე. მეგონა, რომ ყველაფერს მივეჩვიე, გემო გავუგე და ყოველ დილით სიარული უკვე სიამოვნებასაც მანიჭებდა, მაგრამ შემდეგ დარბაზები დაიხურა და ძალაუნებურად, ყველაფერი შევწყვიტე.

ახლა მინდა, ისევ ვაჯობო საკუთარ თავს და ამ პროცესში ისევ ჩავერთო. პარალელურად, ფიტნესდარბაზებიც მოვიარო და ვნახო, თუ რომელი აჯობებს. ზოგადად, ასეთი ადამიანი ვარ – ყველგან, სადაც მივდივარ, მინდა, თავი ისე ვიგრძნო, როგორც საკუთარ სახლში. გარდა ამისა, დარბაზში, რომელსაც ავირჩევ, უნდა იყვნენ კარგი ტრენერები და ინფრასტრუქტურაც გამართული უნდა იყოს. ეს ყველაფერი იმ მოტივიციისთვისაა საჭირო, რომელიც მე ამ ნაბიჯის გადასადგმელად მჭირდება.

-თანხმა იქნებით თუ არა, რომ „კვირა“ ამ ექსპერიმენტის განმავლობაში თქვენი საინფორმაციო მხარდამჭერი გახდეს?

-სიამოვნებით, თუ ამისთვის დროს გამონახავთ…

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები