„ეს იქნება თანამედროვე პარკი, როგორიც ჯერ არ გვქონია“- ნინო ჩხობაძე – თბილისის ცენტრალურ პარკზე

“ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე კეთდება პარკი და არანაირი სხვა ტიპის განაშენიანება”, – ამის შესახებ გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.

ჩხობაძე ცენტრალური პარკის პროექტს შთამბეჭდავს უწოდებს.

„ძალიან სასიხარულო ამბავია, რომ იპოდრომის ტერიტორიაზე კეთდება პარკი და არანაირი სხვა ტიპის განაშენიანება. საკმაოდ შთამბეჭდავი პროექტი აქვთ გაკეთებული. საკმაოდ საინტერესოა. ეს იქნება თანამედროვე პარკი, რომელიც ჩვენ ჯერ საქართველოში არ გვქონია. თავისი უნიკალურობით, ტერიტორიული განლაგებით დარწმუნებული ვარ, ბევრი თბილისელისა და არათბილისელისთვის ერთერთი საყვარელი ადგილი გახდება. ძალიან კარგია მისი მდებარეობა, ქალაქის ცენტრშია, იოლად მისაღწევია. მინდა, მივულოცო გარშემო მცხოვრებლებს, რომლებიც შეხედავენ ამ სილამაზეს.
მართლაც ძალიან საინტერესო კონცეფციაა წარმოდგენილი რამდენიმე ზონირებით. ეს მართლაც კარგი საჩუქარი იქნება თბილისისთვის. შემცირებული შაგრენის ტყავივითაა საბურთალოზე სკვერები და ბაღები, საბურთალოს საერთოდ აღარ აქვს არცერთი სერიოზული პარკი. ზოგადად, ეს ზონა თავიდანვე რეკრეაციული იყო. გენგეგმითაც განსაზღვრეული იყო, რომ ის უნდა ყოფილიყო მხოლოდ რეკრეაციული ზონა და სხვა არაფერი. ასე რომ, ეს კარგი გადაწყვეტილებაა. პარკი ქალაქს მოეშველება ნამდვილად, როგორც რეკრეაციული ზონა. იქ რომ მაღალსართულიანი კორპუსები ჩამდგარიყო, საერთოდ ჩაიკეტებოდა საბურთალო, საერთოდ აღარ იქნებოდა განიავება.

ეტყობა, საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტები მუშაობდნენ პარკის დაგეგმარებაზე, რადგან კარგად გათვალეს, რომ ეს ჭაობიანი ტერიტორიაა. ეტყობა, გრუნტი შეისწავლეს. იქ რამდენიმე ხელოვნური ტბა გაკეთდება, ანუ, ფაქტობრივად, წყალი, რომელიც იქ გროვდება, ალბათ, ტბაში შეგროვდება. როცა იპოდრომის მშენებლობა დაიწყეს, იქ იყო ჭაობი, იქ კორპუსების მშენებლობა არ შეიძლება, თორემ პარკის მშენებლობა ნამდვილად შესაძლებელია. აშკარად შეფასებული და შესწავლილი აქვთ, რამ შეიძლება გაიხაროს და რა შეიძლება, ვერ მოერგოს გარემოს. არ იქნებოდა ურიგო მოქალაქეებსაც მიეღოთ მონაწილეობა ხეების დარგვაში. ეს იქნებოდა სიმბოლო თბილისისთვის. პრაქტიკულად, ყველა დიდი პარკი თბილისში გაშენებულია უშუალოდ მოსახლეობის მიერ. ამას დიდი ფსიქოლოგიური, მორალური დატვირთვა აქვს.

იქ არის უნიკალური სადრენაჟე სისტემა, რომლის ნახაზები დაკარგულია. იმედი მაქვს, რომ ეს ნახაზები ნაპოვნია არქივში და ეს სადრენაჟო სისტემა არ იქნება უგულებელყოფილი“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
შეგახსნებთ, თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება, რაც, დაახლოებით, ორ წელს გაგრძელდება.

თბილისის ცენტრალური პარკი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარზე განთავსდება. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა მულტიფუნქციური სივრცე, სადაც გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ პარკი, სასაზღვრო სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, მდელო, ზიპლაინი, სპორტის ზონა და კვების ზონა. ასევე, მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, გუბურა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო იფუნქციონირებს სამი ავტოსადგომი.

ყოფილი იპოდრომის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა – „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები