საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ღირსეული შრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ღირსეული შრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება.
როგორც “კვირას” პროფკავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, უკვე მე-13 წელია საერთაშორისო საზოგადოება 7 ოქტომბერს აღნიშნავს დღეს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.
“პროფკავშირები მთელ მსოფლიოში სწორედ ღირსეულ შრომის მხარდასაჭერად გამოდიან და მოითხოვენ ღირსეული შრომა მთავრობის დღის წესრიგის სათავეში იყოს. პროფკავშირების მიზანია კოვიდ სიტუაციით შეჩერებული ეკონომიკური ზრდა კვლავ გაგრძელდეს, განვითარდეს გლობალური ეკონომიკა და თითოეული ადამიანის კეთილდღეობა იყოს პრიორიტეტული.
21-ე საუკუნეში, მაშინ როცა, მსოფლიოს დღის წესრიგში დგას სოციალური კონტრაქტის არსებობა, საქართველოში კვლავ გვიწევს საუბარი შრომის საბაზისო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე. 2013 წელს ახალი შრომის კოდექსის მიღების შემდეგ არსებობდა მოლოდინი, რომ შრომის უფლებები უკედ იქნებოდა დაცული, თუმცა აღსრულების მექნიზმის არარსებობის გამო დამსაქმებლებს არ გასჩენიათ იმის განცდა, რომ მათ შრომის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები უნდა შეესრულებინათ. ამიტომ დღემდე ამ კუთხით რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა.
2021 წლიდან, კანონმდებლობაში ცვლილებების შედეგად, შრომის ინსპექციის მანდატში შევა შრომითი უფლებების მონიტორინგი. შესაბამისად შრომის ინსპექციის ეფექტურ კონტროლზე იქნება დამოკიდებული ისეთი მნიშვნელოვანი უფლებების აღსრულება, როგორიცაა: შრომის ნორმირებული დრო; ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურება; 24 სამუშაო დღიანი შვებულება; დეკრეტული შვებულების უფლება და სხვ.
ეს ის უფლებებია, რომელიც ყველაზე ხშირად ირღვევა, მაგრამ ქვეყანაში არსებული მაღალი უმუშევრობის პირობებში დასაქმებულები თავს იკავებენ საკუთარი უფლებების აღდგენის მიზნით სასამართლოსთვის მიმართვისგან. ამიტომ შრომის ინსპექციას ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლი აკისრია. მან უნდა შეამციროს ის სივრცე, სადაც დასაქმებულთა უფლებების დარღვევაზე რეაგირება თითქმის შეუძლებელი იყო.
ღირსეული შრომა მიუღწეველი დარჩება ისეთი ინსტრუმენტების გარეშე როგორიცაა: მინიმალური ხელფასი; დეკრეტული შვებულების პერიოდის ღირსეული ანაზღაურება; გენდერული ნიშნით ანაზღაურებაში დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონკრეტული მექანიზმი და ა.შ.
ზემოთ აღნიშნული უფლებების რეალიზება არის მხოლოდ მინიმალური მოთხოვნა ღირსეული შრომის უზრუნველსაყოფად. იმისათვის, რომ შრომა ჩაითვალოს ღირსეულად, დასაქმებულს დაცული მინიმალური შრომითი უფლებების გარდა, საჭიროა ჰქონდეს პირობები პერსონალური განვითარებისათვის და სოციალური ინტეგრაციისთვის. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საკუთარი წუხილის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, გაერთიანების თავისუფლება და იმ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მიღების უფლება, რომელიც მათ ცხოვრებასა და თანაბარ უფლებებს ეხება.
სოციალური კონტრაქტი, ღირსეულ შრომის პირობებთან ერთად უნდა მოიცავდეს დასაქმებულთა სოციალური დაცვის ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა: ღირსეული პენსიით უზრუნველყოფა და უმუშევრობის შემწეობა. მნიშვნელოვანია ასევე პროგრესულ გადასახადზე გადასვლა, რამაც ქვეყანაში არსებული მაღალი უთანასწორობა უნდა შეამციროს.
სამწუხაროდ დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ მოიძებნება პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც სოციალურ კონტრაქტს დაისახავდა პრიორიტეტად. არადა სწორედ ასეთი მიდგომით არის შესაძლებელი მსოფლიო პანდემიის მიერ გამოწვეული მძიმე სოციალური ფონის დაძლევა.
ათასობით დაკარგული სამუშაო ადგილი, შემცირებული სამუშაო დრო და ანაზღაურება. ეს არის ის პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც საქართველოში შესაძლოა არაერთი წელიწადი დასჭირდეს. ასეთ კრიზისულ პერიოდში კი საზოგადოების ერთიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ეს ერთიანობა უნდა გამოიხატოს სოციალური კონტრაქტის პრიორიტეტად გამოცხადების გზით, უთანასწორობის შემცირებასა და თითოეული მოქალაქის უფლებების მაქსიმალურად დაცვაში.
წელს, საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში შეკრებები ღირსეული შრომის მსოფლიო დღის აღსანიშნავად ვირუსის გავრცელების რისკის გამო შეზღუდულია. თუმცა ჩვენ ვუერთდებით მსოფლიო პროფკავშირულ ოჯახს და ვითხოვთ „ახალი სოციალურ კონტრაქტს – აღდგენისა და გაძლიერებისათვის“,- ნათქვამია პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციაში.