6 ოქტომბერი ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალების დღეა
1933 წლის 6 ოქტომბერი – გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის, პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, საქართველოს სახალხო არტისტის – ზაქარია ფალიაშვილის გარდაცვალების დღეა
დაიბადა 1871 წლის 16 აგვისტოს ქუთაისში..აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ფილარმონიული საზოგადოების” დაფუძნებაში (1905); დააარსა გუნდი და ორკესტრი; 1908–1917წწ. სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას;
1918 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და დირექტორი (1919, 1923, 1929–1932); მოსკოვში დაიბეჭდა მისი პირველი რომანსები – „ახალ აღნაგო სულო”, „ნანა, შვილო” (მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილს), აგრეთვე „მრავალჟამიერი” (1908, სოლისტი, გუნდი და ორკესტრი), „ქართული ლიტურგია”(1910);
განაგრძობდა ხალხური სიმღერების შეკრებასა და დამუშავებას (300-მდე); გამოსცა 2 კრებული – „40 ქართული ხალხური სიმღერა” (1910) და “8 ქართული ხალხური სიმღერა” (დამუშავება, 1910);
მის შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს: 1910 წელს დაიწყო მუშაობა ოპერა “აბესალომ და ეთერზე” (მონუმენტური ოპერა-ტრაგედია), 1913 წელს შესრულდა ნაწყვეტები, 1919 წლის 21 თებერვალს ავტორის დირიჟორობით გაიმართა ოპერის პრემიერა; „აბესალომ და ეთერი” სისტემატურად იდგმება თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, დაიდგა აგრეთვე ყოფილ სსრკ-ის სხვადასხვა ქალაქში: გამოცემულია ოპერის კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე, გადაღებულია ფილმი; ლირიკულ-დრამატული ოპერა – „დაისი” (1923, პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს), ოპერა დღემდე დიდი წარმატებით იდგმება თბილისი საოპერო თეატრის სცენაზე, გამოცემულია „დაისის” კლავირი და პარტიტურა, ოპერა ჩაწერილია გრამფირფიტაზე;
გმირულ-პატრიოტული ოპერა – „ლატავრა” (1927; პრემიერა 1928 წლის 16 მარტს), გამოირჩევა ცალკეული სოლო ნომრები და საგუნდო ეპიზოდები; ასევე – „საზეიმო კანტატა”(1927);
იგი ნოვატორი კომპოზიტორია, პირველი დაეუფლა მონუმენტური მუსიკის ფორმას, შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები; 1937 წლიდან მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი, რესპუბლიკის რამდენიმე სამუსიკო-სასწავლო დაწესებულება, ქუჩები – მოსკოვში, თბილისში, ქუთაისში; თბილისსა და ქუთაისში გახსნილია მისი სახელობის სახლ-მუზეუმები; 1971 წლიდან დაწესებულია ფალიაშვილის სახელობის პრემია.
ზაქარია ფალიაშვილი გამოსახულია ეროვნული ვალუტის 2-ლარიან ბანკნოტზე.
დაკრძალულია ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში..