“საზოგადოებისთვის მთავარი უნდა იყოს, რომ სასამართლო შედგა და მსოფლიოს პირველ ოცეულშია, არის გარკვეული ნიუანსები, რომლებიც განსახილველია დამატებით ვენეციის კომისიასთან”
“ჩვენთვის, საზოგადოებისთვის მთავარი უნდა იყოს, რომ სასამართლო შედგა და არის მსოფლიოს პირველ ოცეულში, არის გარკვეული ნიუანსები, რომლებიც განსახილველია დამატებით ვენეციის კომისიასთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სასამართლო დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოზე მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს, როდესაც რეიტინგები ქვეყნდება.
„არის რაღაც ნიუანსები, რომლებიც არ არის ბოლომდე გათვალისწინებული, ვენეციის კომისიას აქვს გარკვეული რეკომენდაციები გაცემული, რომელიც არ შეასრულა ქართულმა მხარემ და იმედს გამოვთქვამ, რომ შემდეგი პარლამენტი ამ რამდენიმე ნიუანსს გაითვალისწინებს. ვითარების დრამატიზებას არ მოვახდენ. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სასამართლო დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოზე მაღალ მაჩვენებელს აჩვენებს, როდესაც რეიტინგები ქვეყნდება და ეს არის მთავარი. ვენეციის კომისიასთან გვექნება მეტი კონსულტაციები. სასამართლოს მიმართ ნდობის ფაქტორი, რაც არაერთხელ გაცხადებულა, არის მაღალი. საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს ჩვენს სასამართლოს, ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი გაკვეთილი. სამართლებრივი ნიუანსებია, რასაც ალბათ, განმარტავენ ჩვენი შესაბამისი კომიტეტები, მაგრამ რეალურად, ჩვენთვის, საზოგადოებისთვის მთავარი უნდა იყოს, რომ სასამართლო შედგა და არის მსოფლიოს პირველ ოცეულში, დაწინაურდა მნიშვნელოვნად საერთაშორისო რეიტინგებში, არის გარკვეული ნიუანსები, რომლებიც განსახილველია დამატებით ვენეციის კომისიასთან“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირი შეაფასებს კანონმდებლობასა და მის შედეგებს ვენეციის კომისიის მომავალი დასკვნის გათვალისწინებით და ელოდება, რომ საქართველო შერჩევის პროცესის წესებს სამომავლოდ განიხილავს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ჭრილში.