Спутник V – სირიელ ზაზუნებზე გამოცდილი რუსული ვაქცინა, რომლის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

მსოფლიო კოვიდ 19-ის მეორე ტალღას ებრძვის. წამყვანი ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები იმ ვაქცინის შექმნაზე მუშაობენ, რომელიც კაცობრიობას პანდემიის ტრაგიკული შედეგებისგან იხსნის. ამ დროისთვის, ჯერ არცერთ გავლენიან დასავლურ სამედიცინო ცენტრს არ აქვს შექმნილი პრეპარატი, რომელიც მილიარდობით ადამიანს შვებას მოუტანდა. როგორც ჩანს, მარტივი გზა არ არსებობს, ვინაიდან ამ დონის პრეპარატის შექმნა, ცდების ყველა ეტაპის წარმატებით გავლა არც დღეების და არც კვირების საქმე არ არის. თუმცა, სახელმწიფომ, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქის დროიდან ცდილობდა – впереди планеты всей ყოფილიყო, პანაცეის გამოგონება უკვე ყველას „დაასწრო“. რუსული სახელმწიფო მედია აცხადებს – ვაქცინა Спутник V, იგივე Гам-Ковид-Вак2 კოსმიური მნიშვნელობის არის და შესაბამისი სახელწოდებაც ამიტომ მიიღო. სახელწოდება კი აქვს დიდებული, მაგრამ დიდ ეჭვსა და გაკვირვებას ის ფაქტი იწვევს, რომ რუსეთმა სახელმწიფო რეგისტრაცია მიანიჭა პრეპარატს, რომელსაც ცდების ყველაზე მნიშვნელოვანი – მესამე ეტაპი არ გაუვლია.

რუსეთის ხელისუფლება ამ ფაქტს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და მალე ვაქცინის გამოცდას ბავშვებზეც აპირებს. „ეს ვაქცინა მდგრადი იმუნიტეტის ფორმირებას ახდენს“ და მან „ყველა აუცილებელი შემოწმება გაიარა“, – ასე დაახასიათა ის ჯერ კიდევ 11 აგვისტოს ვლადიმერ პუტინმა. ასევე, ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად სანდოა ეს პრეპარატი და აღნიშნა, რომ Спутник V-ით მისი ერთ-ერთი ქალიშვილი აიცრა. ვაქცინაცია რუსმა მაღალჩინოსნებმაც ჩაიტარეს. ამ ეტაპზე, მას მოხალისეებზეც ცდიან. მასობრივი ვაქცინაციის დაწყება კი მთელი ფედერაციის მასშტაბით ოქტომბრის განმავლობაში იგეგმება. პირველ ყოვლისა, აცრები „განსაკუთრებული ჯგუფების“ წარმომადგენლებს ჩაუტარდებათ, კერძოდ, მასწავლებლებსა და ექიმებს.

Гам-Ковид-Вак2 ეგრეთ წოდებული ვექტორული ვაქცინაა და გამალეის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კვლევით ცენტრში შექმნეს. ასეთი ტიპის ვაქცინები დასუსტებული ვირუსების ბაზაზე იქმნება, რომელთა საფუძველში ის გენია ჩაშენებული, რომელიც უშუალოდ ვირუსს აქვს  და რომლის წინააღმდეგაც ორგანიზმმა იმუნიტეტი უნდა გამოიმუშავოს.

მართალია, ოფიციალური მოსკოვი დიდ გამარჯვებას ზეიმობს და ცდილობს, მსოფლიოს საკუთარი მეცნიერული და პოლიტიკური უპირატესობა დაუმტკიცოს, ხოლო დასავლელი კრიტიკოსების აზრს არად აგდებს, თუმცა, უშუალოდ რუსეთის სამეცნიერო წრეებშივე ამ პრეპარატს დიდი სკეპტიციზმით შეხვდნენ. ცოტა ხნის წინ რუსეთის კლინიკური კვლევების ორგანიზაციების ასოციაციამ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ღია წერილით მიმართა. მეცნიერები მოუწოდებდნენ უწყებას, არ ეჩქარა Гам-Ковид-Вак2-ის სახელმწიფო რეგისტრაცია. ამ ასოციაციაში გაერთიანებული მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საჭიროა, დაელოდონ იმ მომენტს, როდესაც ვაქცინა კლინიკური გამოცდის ყველა სტადიას წარმატებით გაივლის. ამ დროისთვის, „კოსმოსური მნიშვნელობის“ ვაქცინა  ჯერ კვლევის 1-2 ფაზაში იმყოფება, რომლის დასრულება მხოლოდ 2020 წლის 31 დეკემბრისთვის იგეგმება. მეცნიერების ღია წერილში ნათქვამია, რომ ვაქცინის დაჩქარებული რეგისტრაცია რუსეთს ვაქცინების რბოლაში გამარჯვებულად ვერ გახდის და პირიქითაც – „არასასურველ საფრთხეს შეუქმნის მომხმარებლებს“.

წესით, ნებისმიერი ავტორიტეტული და, მით უმეტეს, ასეთი გლობალური მასშტაბის მქონე პრეპარატის დამტკიცების პროცედურა ითვალისწინებს, რომ ვაქცინა-კანდიდატი რეგისტრაციის უფლებას მხოლოდ მესამე ფაზის წარმატებულად გავლის შემდეგ იღებს. ეს გადამწყვეტი ფაზაა, რომლის დროსაც ვაქცინა რამდენიმე ათას მოხალისეზე იტესტება – სწორედ მაშინ ხდება პრეპარატის გვერდითი მოვლენების გამოვლენა. პასუხები კითხვებზე, როგორ მუშაობს ვაქცინა სხვადასხვა დაავადების ფონზე და ნამდვილად არის თუ არა ეფექტური, მხოლოდ მესამე ფაზის დასრულების შემდეგ მიიღება. არადა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეურვეობის ქვეშ შექმნილი ვაქცინა უკვე რეგისტრირებულია, მაგრამ მესამე ფაზის კვლევა მხოლოდ ახლახან  დაიწყო. როგორც ჩანს, კრემლის ხელმძღვანლობის ქვეშ მომუშავე რუსმა მეცნიერებმა მიიჩნიეს, რომ სირიელ ზაზუნებსა და 38 მოხალისეზე ცდების ჩატარება საკმარისია იმისთვის,  „კოვიდ 19“ უკვე დამარცხებულად გამოაცხადონ.

ამავე დროს, რუსულმა ინტერნეტსერვისმა – „ექიმის კითხვარი“ 14 აგვისტოს რუსი მედიკოსები გამოკითხა. გამოკითხულთა უმრავლესობამ (3 000 მედიკოსი) განაცხადა, რომ არ არიან მზად, რუსული ვაქცინით აიცრან. გამოკითხული მედიკოსების 66%-მა თქვა, რომ ამ ვაქცინის ეფექტურობის შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ არსებობს. და მართლაც, იმის მიუხედავად, რომ Спутник V-ის კვლევებისა და ცდების პირველი ფაზების შედეგები გავლენიან ჟურნალ „ლანცეტში“ დაიბეჭდა, არ არსებობს კონკრეტული ინფორმაცია გვერდითი ეფექტების შესახებ. ეს კი თავისთავად ძალიან საეჭვოა, რადგან ნებისმიერ სამედიცინო პრეპარატს უკუჩვენებები აქვს, თუნდაც – უმნიშვნელო.

თუკი გაირკვევა, რომ ამ ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტი აქვს ან ის საერთოდ არ არის ეფექტური, ამან შეიძლება, დიდ საფრთხეში ჩააგდოს ადამიანების ჯანმრთელობა. ლონდონის იმპერიული კოლეჯის იმუნოლოგიის პროფესორი, დენი ალტმანი ამბობს: „არაუსაფრთხო და არაეფექტური ვაქცინის გამოშვებისგან მიღებული ზარალი მხოლოდ გააღრმავებს არსებულ პრობლემებს“. ვირუსოლოგი ალექსანდრე ჩეპურნოვი კი საერთოდ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს – არ აიცრან არსებული ვაქცინით – „სანამ არ ვნახავთ ნორმალურ კვლევებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებს, სადაც წერია, თუ როგორ ხდებოდა ამ ვაქცინის კვლევა, ნეიტრალიზაციის რა დონე იქმნება, ვირუსის რა დოზისგან იცავს ის და, რაც მთავარია, ხომ არ ხდება ინფექციის გაღრმავების ფორმირება, ამ ვაქცინის გამოშვება არ შეიძლება”.

როგორც გენეტიკის ბრიტანული ინსტიტუტის პროფესორი, ფრანსუა ბალლუ შიშობს,  ის სიჩქარე, რომლითაც რუსული ვაქცინის რეგისტრაცია მოხდა, ზრდის იმის რისკს, რომ ის შესაძლოა, საფრთხისშემცველი იყოს. ამ ფაქტმა კი შესაძლოა, მილიონობით ადამიანის ნეგატიური განწყობა სხვა პრეპარატების მიმართაც გამოიწვიოს. „ეს უგუნური და სულელური გადაწყვეტილებაა. არასაკმარისად გამოკვლეული ვაქცინით მასობრივი ვაქცინაცია არაეთიკურია. რუსული კამპანიის ირგვლივ შექმნილ ნებისმიერ პრობლემებს კატასტროფული შედეგები ექნება – როგორც ჯანმრთელობაზე ნეგატიური ზეგავლენის გამო, ისევე – იმის გამოც, რომ უფრო გაიზრდება ადამიანების შიში ვაქცინაციის მიმართ”, – ამბობს ბრიტანელი ექსპერტი.
ასეთი შეფასებებისა და მოსაზრებების მიუხედავად, Спутник V-ის საწარმოო დამზადება დაწყებულია. წელიწადში 3-5 მილიონი დოზის გამოშვება იგეგმება. აღსანიშნავია, რომ უკვე რეგისტრაცია გავლილი ვაქცინის მესამე ეტაპის ცდების ჩატარება მხოლოდ ახლა მიმდინარეობს, თანაც – არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე, არამედ – ბელარუს მოხალისეებზეც.

ფაქტია, ამ შემთხვევაშიც კრემლის მთავარი მიზანია, თავი წარმოაჩინოს კაცობრიობის მხსნელად და გადამრჩენლად, თუნდაც, მხოლოდ პროპაგანდისტული გზით. ეს მიზანი სირიელი ზაზუნების თუ ადამიანების სიცოცხლის ფასად აღსრულდება, ეს – უბრალოდ, მეორეხარისხოვანი პრობლემაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები