არჩილ თალაკვაძემ ილია მეორეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ჰონორის კაუზას წოდების მინიჭება მიულოცა
“საქართველოს პარლამენტის სახელით, გილოცავთ თბილისის სასულიერო აკადემიის საპატიო, ჰონორის კაუზას წოდებას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპატრიარქოში განაცხადა, სადაც უწმინდესსა და უნეტარესს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საპატიო დოქტორის წოდებით დაჯილდოება მიულოცა.
მისი თქმით, საეკლესიო განათლება, სასულიერო აკადემია და სემინარია ახალგაზრდებს, სტუდენტებს გადასცემს ცოდნას და უმნიშვნელოვანეს მწიგნობრულ საქმიანობას ეწევა.
“თქვენო უწმინდესობავ, ერისა და სამშობლოს წინაშე თქვენი ღვაწლი გამორჩეული და შეუფასებელია. თქვენი ცხოვრებით, მოღვაწეობითა და რწმენის სიმტკიცით გვაძლევთ მაგალითს, როგორ უნდა შეხვდეს ადამიანი თანამედროვე გამოწვევებს. ამ ცვალებად და რთულ დროში თქვენ კეთილი სიტყვითა და ქრისტიანული სწავლებით შეგვახსენებთ კაცთმოყვარეობის, თავმდაბლობის, უანგარობისა და სიყვარულის მნიშვნელობას. თქვენი თაოსნობით საეკლესიო განათლება, სასულიერო აკადემია და სემინარია ახალგაზრდებს, სტუდენტებს გადასცემს ცოდნას და უმნიშვნელოვანეს მწიგნობრულ საქმიანობას ეწევა – ამით ჩვენი ერის თვითმყოფადობას და ისტორიულ მეხსიერებას განამტკიცებს. გისურვებთ მხნეობასა და დღეგრძელობას ჩვენი სამშობლოს სასიკეთოდ”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, აკადემიკოსები და სასულიერო პირები დაესწრნენ.