უკვე მეცხრე დღეა, მთიანყარაბაღსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე სომხეთ-აზერბაიჯანის სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. არავისთვის საუდუმლო არაა, რომ ომი ძვირი „სიამოვნებაა“ და ის უდიდეს ფინანსურ და მატერიალურ რესურს მოითხოვს.
ამ ყველაფერს კი მძლავრი ეკონომიკა და შესაბამისი რესურსები სჭირდება. რა უჯდებათ სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკებს ომის ერთი დღე აზერბაიჯანში, ჯერ არავის დაუთვლია. თუმცა, თუ მსგავსი ინტენსივობის კონფლიქტებში მხარეების მიერ გაწეულ ხარჯებს მივიღებთ მხედველობაში, გარკვეული წარმოდგენა ყარაბაღის ომის ღირებულებაზე მაინც შეიქმნება.
მაგალითად, როგორც თავის დროზე (2015 წელი) უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ განაცხადა, დონბასის ომის ერთი დღე უკრაინის ბიუჯეტს 8-დან 10 მილიონ დოლარამდე უჯდებოდა. როგორც 2016 წლის მარტში რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადინერ პუტინმა განაცხადა, 6 თვის განმავლობაში რუსეთმა სირიაში 33 მილიარდი რუბლი, ანუ დაახლოებით 425 მილიონი დოლარი დახარჯა. როგორც რუსული გამოცემა – РБК წერს, ოფიციალური სტატისტიკა რეალობას არ ასახავს და რუსეთის მიერ სირიაში გაწეული ხარჯები თითქმის სამნახევარჯერ არის შემცირებული.
რუსული მედიის ინფორმაციით, მარტო ავიაციის საბრძოლო დანაკარგებმა ფულად ეკვივალენტში 11.7 მილიარდ რუბლს ( 152 მილიონი დოლარი) გადააჭარბა. ავიაციის საბრძოლო გაფრენები სირიაში რუსეთის გადასახადის გადამხდელენს 89.7 მილიარდი რუბლი, ანუ დაახლოებით 1.116 000 000 დოლარი დაუჯდათ. 3.75 მილიარდი რუბლი ( 48 750 000 დოლარი ) დაჯდა პირადი შემადგენლობის შენახვა სირიაში. საკმაოდ ძვირი დაუჯდათ რუსეთის მოქალაქეებს სირიის ქალაქებისა და სოფლების КОЛИБР-ის ტიპის 71 რაკეთით დაბომბვაც. როგორც რუსული მედია წერს, ერთი ასეთი რაკეტა 900 ათასი დოლარი ღირს და რუსეთმა საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად ჰაერში 63 მილიონი დოლარი გაისროლა.
დღეში, დაახლოებით, 90 ათასი დოლარი უჯდება რუსეთს ცნობილი სამხედრო ფორმირების „ვაგნერის“შენახვა. სწორედ „ ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ეხმარებოდნენ სირიის დიქტატორ ასადს ძალაუფლების შენარჩუნებაში. „ვაგნერი“ იბრძოდა და იბრძვის ლიბიაში, თავიანთი კვალი დატოვეს მათ მალიში და, როგორც ამბობენ, ნიგერიაშიც.
არანაკლებ ძვირი გადაიხადეს ამერიკის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის გადასახადის გადამხდელებმა ლიბიის დიქტატორის, მუამარ კადაფის განეიტრალებაში.
2011 წლის სამხედრო კამპანიაში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1.1 მილიარდი დოლარი დახარჯა, დღეში დაახლოებით 6.29 მილიონი დოლარი. გაცილებით მოკრძალებული იყო საფრანგეთისა ( 350 მილიონი დოლარი ) და დიდი ბრიტანეთის (320 მილიონი დოლარი) ხარჯები.
ბრძოლების ინტენსოვობის გათვალისწინებით, ყველაზე ახლოს ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დონბასის კონფლიქტი დგას. შესაბამისად, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ ომის ერთი დღე სომხეთსა და აზერბაიჯანს, დახლოებით, 10-15 მილიონი დოლარი უჯდება. ეს კი როგორც ერთი, ასევე მეორე ქვეყნის ეკონომიკაზე საკმაოდ დიდი ზეწოლაა.
Global Firepower Index 2018 -ის კვლევის თანახმად. სომხეთისა და აზერბაიჯანის სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობები ასე გამოიყურება:
სომხეთი
1 თავდაცვის ბიუჯეტი – 512 $ მლნ, მშპ-ს 4.7%
2 საგარეო ვალი – 9 მლრდ 170 $ მლნ
3 მსყიდველობითი უნარის პარიტეტი -27 მლრდ 210 $ მლნ
4 სავალუტო და ოქროს რეზერვები – 2 მლრდ 242 $ მლნ
5 მოქმედი აეროდრომები – 11
6 გზების საერთო სიგრძე – 7.705 კმ
7 რკინიგზის სიგრძე – 869 კმ
8 ნავთობის წარმოება დღეში – 0
9 ნავთ ობის დადასტურებილი მარაგები – 0
აზერბაიჯანი
1 თავდაცვის ბიუჯეტი – 1 მლრდ 600 $ მლნ, მშპ-ს 5 %
2 საგარეო ვალი – 16 მლრდ 620 $ მლნ
3 მსყიდველობითი უნარის პარიტეტი -166 მლრდ 800 $ მლნ
4 სავალუტო და ოქროს რეზერვები – 8 მლრდ 886 $ მლნ
5 მოქმედი აეროდრომები – 37
6 გზების საერთო სიგრძე – 52 942 კმ
7 რკინიგზის სიგრძე – 2 918 კმ
8 ნავთობის წარმოება დღეში – 93 000
9 ნავთობის დადასტურებული მარაგები 7 000 000 000
ანალიტიკური კომპანია Global Firepower -ის მიხედვით, აზერბაიჯანს 66 940 ჯარისკაცი ჰყავს, სომხეთს – 45 ათასი. აზერბაიჯანის განკარგულებაშია 655 ტანკი და 1600ზე მეტი ჯავშანმანქანა. სომხეთს 529 ტანკი და 1000 მდე ჯავშანმანქანა აქვს. აზერბაიჯანის არმიის განკარგულებაში სხვადასხვა სისტემის 740 საარტილერიო დანადგარია მაშინ, როცა სომხეთი 293 ერთეულ საარტილერიო სისტემას ითვლის.
სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის ინსტიტუტის ( SIPRI ) მონაცემებით, 2018 წელს გაწეულმა სამხედრო ხარჯებმა მსოფლიოში 1.822 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა და გლობალური მშპ-ის 2.1% შეადგინა.