ვახტანგ ძაბირაძე: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილმა წარადგინა სია, რომელსაც პირველი ნომერი არ ჰყავს
“ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სამი პარტია დომინირებს: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”. სხვა პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოახერხებენ ამომრჩევლებისთვის კანდიდატების შეთავაზებას”, – ამის შესახებ ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
რაც შეეხება “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიას, ექსპერტის თქმით, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა სია, რომელსაც პირველი ნომერი არ ჰყავს.
“მოულოდნელი იყო ის, რომ პარტია, რომელსაც დეკლარირებული აქვს ხელისუფლებაში მოსვლა, სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძეს აცხადებს. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მიხეილ სააკაშვილმა წარადგინა სია, რომელსაც პირველი ნომერი არ ჰყავს.
მეორე საოცრება ის იყო, რომ ისინი, ვინც “ნაცმოძრაობის” მებრძოლო ფრთას წარმოადგენენ, მაგალითად, თინა ბოკუჩავა – 24-ე ნომერი აღმოჩნდა. სიის მეორე ნაწილში ასევე მოხვდნენ პოლიტიკური გამოცდილების მქონდე გიორგი ბარამიძე, ნუგზარ წიკლაური, კირკიტაძე საერთოდ სიის ბოლოშია. “ნაცმოძრაობამ” “ოცნებასავით” დაიწყო ძველი და აქტიური კადრების ჩამოქვეითება.
ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სამი პარტია დომინირებს: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”. სხვა პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოახერხებენ ამომრჩევლებისთვის კანდიდატების შეთავაზებას, თუმცა, ამას ვერ ახერხებენ, მშვიდი და აკადემიური საარჩევნო კამპანია აქვთ.
ორპოლუსიანობა არის როგორც “ნაციონალების”, ისე – “ოცნების” ინტერესებში. შესაბამისად, “ევროპული საქართველო” სწორ აქცენტებს სვამს. თუმცა იმისთვის, რომ მესამე ძალა ორპოლუსიანობის წინააღმდეგ გაერთი8ანდეს, მთელმა ოპოზიციამ უნდა იზრუნოს. ამომრჩეველმა უნდა დასძლიოს შიში, თუ ხმას “ოცნებას” არ მისცემს, “ნაციონალები” გაიმარჯვებენ.
თუ შიში ვერ დაძლიეს, “ოცნება” გაიმარჯვებს და ყოველგვარი კოალიციის გარეშე დააკომპლექტებს აღმასრულებელ ხელისუფლებას. ამიტომ ჩვენთვის მესამე ძალისა და მესამე ელექტორატის გაჩენა ჰაერივით აუცილებელია”, – განაცხადა ძაბირაძემ.