“ეს საბურთალოა” – ალეკო ელისაშვილის წიგნის პრეზენტაცია
ალეკო ელისაშვილმა “ბუკიას ბაღში” წიგნის პრეზენტაცია გამართა.
საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატის ახალი წიგნის სახელია – “ეს საბურთალოა – ერთი უბნის ამბავი”. როგორც თავად აცხადებს ის ცნობებს, საბურთალოს შესახებ, წლების განმავლობაში აგროვებდა და წიგნად სწორედ, ახლა გამოსცა.
პრეზენტაციაზე შეკრებილ სტუმრებს, შეეძლოთ წიგნი 1 ლარიდან ზევით ნებისმიერ ფასად შეეძინათ და როგორც მაჟორიტარი ამბობს, შემოსული თანხა მის საარჩევნო კამპანიას მოხმარდება.
ელისაშვილის მხარდამჭერებმა ბუკიას ბაღში ბრენდირებული ჰუდებიც წარწერით: “ეს საბურთალოა” შეიძინეს. “არ გვაწყენს ვიცოდეთ წარსული იმ გარემოსი, იმ უბნის, სადაც ვცხოვრობთ. ცოდნა აღვივებს სიყვარულს და იქნებ ამ წიგნმაც ისე გაუღვივოს ვინმე მავან “დეველოპერს” საბურთალოსადმი სიყვარული, რომ კიდევ ერთი მახინჯი კორპუსის სადმე წიხლით ჩატენვაზე ხელი ააღებინოს. ეს ან მოხდება ან არა, მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი, რომ საბურთალოს შესახებ, რამდენიმე ამბით მეტი ეცოდინება ყველა მკითხველს ვიდრე აქამდე იცოდა. შეიძლება კიდევ უფრო მოსიყვარულედ და მზრუნველადაც შეხედოს მერე ამ უბანს. აი ეს იქნება ჩემთვის დიდი საქმე – ე.ი. ამაო არ ყოფილა ამ წიგნზე შრომა. თქვენი ეგზემპლიარი “ეს საბურთალოა!” მიცკევიჩის #27ა-ში გელოდებათ!” – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა პრეზენტაციაზე.
“ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები” ოქტომბრის ბოლოს დაგეგმილ არჩევნებში 24 ნომრით მონაწილეობს.