დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგის მიმართულებით რეგულარული ავიარეისები განახლდა

 

6 თვიანი პაუზის შემდეგ რიგა-ქუთაისი-რიგას მიმართულებით პირველი რეგულარული ავიარეისი შესრულდა. დავით აღმაშენებლის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ლატვიის დედაქალაქიდან 108 მგზავრი ჩამოფრინდა. აქედან 96 საერთაშორისო ვიზიტორი, დანარჩენი კი საქართველოს მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც ორგანიზებულად საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანეს. გამფრენ და ჩამომფრენ მგზავრებს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air, პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისის-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში განმარტავენ, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მზად არის COVID 19 პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს რეგულარული ავიარეისების მიღება.

,,მოხარულები ვართ, რომ 6 თვიანი პაუზის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების შესრულება განახლდა. ამ ეტაპზე ფრენები შესრულდება კვირაში ერთი სიხშირით, ხოლო ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე ეტაპობრივად დაემატება სიხშირეები და სხვა მიმართულებები. აეროპორტი მზად არის COVID 19-ის ეპიდემიის დროს დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით მოემსახუროს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ რეისებს,-‘’განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის მოადგილე ლევან ცხადაძემ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის ეროვნული რეგულაციებით და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული გაიდლაინები და რეკომენდაციების შესრულება სრულად უზრუნველყო. რა წესები უნდა დაიცვან აეროპორტის თანამშრომლებმა კორონავირუსის დროს მგზავრთა მომსახურებისას – ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლებს ამის შესახებ სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ.

არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრებს, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ ტერმინალში არ დაიშვებიან.

“COVID 19”-ის პანდემიის პერიოდში არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ ჩარტერული, საწვრთნელი და არაკომერციული დაშვებები ხორციელდებოდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები