სომხეთის საელჩო: ბორჯომიდან ბაქოსთვის იარაღის მიწოდებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

საქართველოში სომხეთის საელჩო აცხადებს, რომ საქართველოდან აზერბაიჯანისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში დეზინფორმაცია ვრცელდება.

„გაცნობებთ, რომ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, რომლის თანახმადაც, თითქოს სამხედრო აღჭურვილობა, რომელიც ბორჯომშია გადაღებული, აზერბაიჯანს გადაეცემა, არ შეესაბამება სიმართლეს. სამხედრო აღჭურვილობა, რაც ვიდეოშია ნაჩვენები, ეკუთვნის საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და გადაადგილება ხორციელდებოდა საქართველოს უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

სომხეთის წარმომადგენლობა საქართველოში მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი აარიდონ დეზინფორმაციის გავრცელებას, „რასაც შესაძლოა პანიკა და არასასურველი შედეგები მოჰყვეს”. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებები 27 სექტემბერს გააქტიურდა და ამ დრომდე გრძელდება. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

როგორც რამდენიმე დღის წინ ქართულ-სომხური გამოცემა „ალიქ მედია” და ახალქალაქის ტელევიზია „ატვ 12″ წერდნენ, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს ჰგონია, რომ „თურქეთიდან აზერბაიჯანში საქართველოს გავლით იგზავნება იარაღი”, რის გამოც პროტესტი გამოხატეს.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა 29 სექტემბერს განაცხადა: „საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიები შეიძლება რომელიმე ქვეყანამ გამოიყენოს ტრანზიტისთვის და საკუთარი სამხედრო მიზნებისთვის [არ შეესაბამება რეალობას], ჩვენ ამაზე მკაფიო უარი გვაქვს გაცხადებული ყველასთვის”.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, – „ეს ჩვენმა მეზობლებმა იციან, ამ მიდგომას პატივისცემით ეპყრობიან და უფრთხილდებიან”.
ზაფხულში, სომხეთ-აზერბაიჯანის წინა, შედარებით მასშტაბური დაპირისპირებისას, აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ბრალდებები, რომლის თანახმადაც სომხეთში საქართველოს გავლით ჩაიტანეს იარაღი, რაც საბოლოოდ არ დადასტურდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები