გია ვოლსკი: საინფორმაციო ველზე გაცილებით მეტი იყო გამოტანილი სკანდალური თემები, ვიდრე – რეალური და სასარგებლო მუშაობა, რომელიც პარლამენტმა გასწია
პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობა შეაფასა.
მისი თქმით, მე-9 მოწვევის პარლამენტმა საგანგებოდ მნიშვნელოვანი კანონები მიიღო.
„მე-9 მოწვევის პარლამენტმა საგანგებოდ მნიშვნელოვანი კანონები მიიღო, ეს ეხებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ქალებს, ბავშვთა უფლებებს, მნიშვნელოვანი იყო ტყის კოდექსი, მიწის კანონი, რაც მთავარია, ახალი კონსტიტუცია, რომელიც არის უმაღლესი ევროპული დონის და საარჩევნო კოდექსი, ასევე, უამრავი სხვა კანონი და რეგულაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურად გამოადგება. სამწუხაროდ, ამ საპარლამენტო მუშაობის დიდი ნაწილი დამალული იყო იმ ფონის უკან, რომელსაც ქმნიდა ხშირი შეჯახებები, დაპირისპირებები და საინფორმაციო ველზე გაცილებით უფრო მეტი იყო გამოტანილი სკანდალური თემები, ვიდრე – რეალური და საკმაოდ სასარგებლო მუშაობა, რომელიც გასწია პარლამენტმა”, – განაცხადა ვოლსკიმ.