ამბავი მხატვარზე, რომელიც ჩრდილებს არ ხატავს, და კიდევ იმაზე, თუ რა აკავშირებდა სალვადორ დალის სვანეთთან

„ჩემი ოცნებაა, სადმე,  თბილისში, ბათუმსა თუ გურიაში, ნებისმიერ ადგილას, გამოიყოს ფართობი ამ ნახატების გამოსაფენად,  რომელიც შემდეგ მუზეუმი იქნება და ჩემს ქვეყანას დავუტოვებ საჩუქრად“…

- რეკლამა -

- რეკლამა -

ბავშვობიდან ხატავს. ოზურგეთში დაიბადა და გაიზარდა. შემდეგ ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა.  მუშაობდა აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მხატვარ-რესტავრატორად; ბათუმის თოჯინების თეატრის მხატვარ-გამფორმებლად, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში მხატვარ-გამფორმებლად.
მის ნამუშევრებს ბავშვური სიალალე და ფერადოვნება გამოარჩევს. ამბობს, რომ ჩრდილებს არ ხატავს, სინათლისა და  მზის მხატვარია… და ეს  სინათლითა და სითბოთი გაჯერებული ფერწერაა მისი ცხოვრება.
ოთხი პერსონალური გამოფენის ავტორია. მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში. კერძო კოლექციებში: ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, ესპანეთში, ისრაელში, რუსეთსა და უკრაინაში.
2020 წელს დაგეგმილია მისი შემოქმედების 50 წლისადმი მიძღვნილი სამი პერსონალური გამოფენა, აქედან ერთი უკვე გაიმართა ბათუმში. გამოფენებს უმასპინძლებს ოზურგეთი  და თბილისიც.
ოცნებობს, რომ საქართველოს რომელიმე კუთხეში მისცენ სახელოსნო, – გამოუყონ ფართობი თავისი შემოქმედების გამოსაფენად, რომლებსაც შემდეგ საქართველოს დაუტოვებს საჩუქრად. – მხატვარ ანა ნიკოლაიშვილის პერსონა.

ავტოპორტრეტი

– ხატვა დედამ შემასწავლა. 5 დედმამიშვილი ვართ, ოთხმა სამხატვრო სპეციალობა დავამთავრეთ. მე უფროსი ვარ, ამიტომაც მე მომბაძეს ჩემმა და-ძმებმა. სკოლაში გაკვეთილიდან გავყავდი მასწავლებლებს და კედლის გაზეთს ყველა მე მახატინებდა. შემდეგ ჩემი და-ძმები დაასრულებდნენ ხოლმე – ტრადიციასავით გადადიოდა.
– ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრეთ.  პირველი ნამუშევრები…
– რადგან სოფელში ვცხოვრობდი, სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაი უნდა მეკრიფა და ფიზიკურად მზეში მემუშავა. საამისოდ სუსტი, ნაზი ვიყავი. დედას შევეცოდე, იმ წელს ვერსად ჩაბარებას ვეღარ ვასწრებდი და ბათუმში დეიდასთან წამიყვანა.
ბათუმში, თევზის მაღაზიაში გამიდველად დამაწყებინეს მუშაობა. ეს საქმიანობა, რა თქმა უნდა,  არ მომწონდა, ჩემ გვერდით ასევე ჩემსავით მოყვანილი ქალბატონი მყიდველს, განურჩევლად ყველას, მოხუცსაც კი, ხურდაში, წონასა და ხარისხში ატყუებდა. მე ეს არ შემეძლო, მას კარგ მუშაკად მოჰქონდა თავი. ყოველ საღამოს ვტიროდი.
ჩემი ამბავი დეიდამ შეატყობინა დედას, თუ გინდა შვილის სიკვდილი, ამ სამსახურში დატოვეო.

გამოფენაზე

სასწრაფოდ ჩამოვიდა დედა  და ბათუმის სამხატვრო პედაგოგიურ   სასწავლებელში სამხატვროზე ჩავაბარე.
პირველი ჩემი ნახატი იყო სადიპლომო ნამუშევარი „ნერგები“, ძირითადად, პორტრეტის ხატვა მიყვარდა.
– აჭარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მხატვარ-რესტავრატორი იყავით, საინტერესოს რა გამოლევდა….
– მუზეუმში მხატვარ-რესტავრატორად მუშაობის პერიოდში საინტერესო იყო ერთი ამბავი: უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებს არ მოსწონდათ ლენინისა და სტალინის მარმარილოს ქანდაკებები და თვალებს უკაწრავდნენ მახვილი საგნებით. ამ თვალების გადაფხეკა მე მიწევდა ისე, რომ რაიმე ნაკაწრი, თვალშისაცემი დამახინჯება არ უნდა შემჩნეოდა. სამი-ოთხი ასეთი დაზიანების შემდეგ ლენინის თვალები იმდენად „ჩავარდა“ სიღრმეში, დირექტორს ვთხოვე, ეს უკვე შეკეთებას აღარ ექვემდებარება, ერთი დაცვა პირადად დაუყენეთ ამ ქანდაკებას-მეთქი
.– ბათუმის თოჯინების თეატრის მხატვარ-გამფორმებლად და მერე  საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში მხატვარ-გამფორმებლად მუშაობდით.  რა შეგძინათ ამ პერიოდმა?
– ბათუმის თოჯინების თეატრში მხატვარ-გამფორმებლად ვმუშაობდი, საინტერესო კოლექტივი იყო, ჩემი შვილიც დამყავდა სპექტაკლის სანახავად.
1992 წელს, მოგეხსენებათ, ძალიან ცუდი დრო იყო – პური ტალონზე იყიდებოდა. ამ დროს სიძე ჩამოვიდა გერმანიიდან. მისი შემწეობით სახელმწიფო მეთაურის აპარატში დავიწყე კადრების ინსპექტორად მუშაობა, შემდეგ კი მხატვარ-გამფორმებლად გადავედი.  ეს მაშინ მოხდა, როდესაც იქ ჩემი ნახატები გამოვფინე.
ის პერიოდი კარგი იყო იმით, რომ იქაური თანამშრომლები მეხმარებოდნენ თბილისში პერსონალური გამოფენის მოწყობაში. ნანა დევდარიანმა ტელეეთერი ჩემზე და ჩემს დაზე ნახევარსაათიან  გადაცემას დაუთმო, რომელიც რამდენჯერმე აჩვენეს.
ჩემი ნამუშევრები ბევრს აქვს საჩუქრად, მათ შორის საზღვარგარეთიდან ჩამოსულ სტუმრებსაც, რამდენიმე დეპუტატსაც.
– ბავშვური სიალალე და ფერადოვნება გამოარჩევს თქვენს ნამუშევრებს. როგორ მუშაობთ?
– მიყვარს ყველაფერ ლამაზის ხატვა: დედაშვილობა, ქართული ყოფითი თემები – ქორწილი, დაბადება, მზის ამოსვლა, თამარ მეფე და ის დრო, როცა საქართველოს რენესანსის პერიოდი ჰქონდა. ჩემი ხელით შეკერილი თამარის კაბაც მაქვს და თოჯინა თამარიც მყავს.
– თქვენს ნამუშევრებში  სალვდორ დალის რამდენიმე პორტრეტიცაა… რას უკავშირდება ეს ნახატები?

დალი ესპანეთში

– სალვადორ დალის რამდენიმე პორტრეტი დავხატე. ეს ნახატები უკავშირდება 1986 წელს მადრიდიდან მისი შვილიშვილის, თეოფილ ხრისტიან დალის სტუმრობას საქართველოში. მან გვითხრა, რომ სალვადორ დალის მეუღლის, გალას შთამომავალი იყო. სალვადროზე აფანატებდა. კიდევ ბიძაშვილს, რაფაელს ახსენებდა.
გრძელი მოშვებული თმა ჰქონდა თეოფილს. ჩემი ბაბუა (სალვადორ დალი) ავად არის და იმიტომ მოვუშვი. სანამ კარგად არ გახდება, არ შევიჭრიო.  დალის სიკვდილის შემდეგ გრაფი ვიქნებიო, ცხენების რემა დაგვიდისო. მახსოვს, „ოგონიოკის“ ჟურნალისტი მოვიდა ჩვენთან ინტერვიუს ასაღებად.
ოზურგეთში ჩამოსვლამდე უკვე საქართველოს ყველა კუთხე მოეარა. პირველად სვანეთში წასულა. რატომ სვანეთშიო, რომ ვკითხეთ, დალიმ დამავალა, რომ სვანეთი დაათვალიერეო. ასე თქვა სალვადორმა, ჩემი ბებია სვანი იყოო. სუფრასთან ჩემი დედმამიშვილები ვისხედით. ყველას ესმოდა. მოეწონა ღვინო, ქართული სიმღერა, ფეიერვერკი უწოდა ქართულ სიმღერას.
ჩემს სახლში რომ შემოვიდა, ინტერესით დაათვალიერა მოხატული კედლები, რა აღარ მქონდა დახატული, ფერადი, ლამაზი კედლები იყო. შევთავაზე, რომ მის პორტრეტს დავხატავდი. დაჯდა და დავიწყე  ხატვა,
თეოფილის პორტრეტი დავხატე ფანქრით და ვაჩუქე. მან ავტოგრაფი გამაკეთებინა და თან დაამატა, რომ პორტრეტი მადრიდში, თავის სახლში საპატიო ადგილზე დაიდებდა ბინას.
მაშინ იგი 25 წლის მაინც იქნებოდა, საქართველოს გასაცნობად ჩამოვედიო, გვითხრა, თან დალის დანაბარები შეასრულა, ჩვენი ქვეყანა ენახა. ჰოდა, ძალიან მოეწონა ჩვენი საქართველო…
უცნაურია, მაგრამ ასე მგონია, მე სალვადორ დალის დახატული ვყავარ, ერთხელ დავათვალიერე მისი ალბომები სათვალით და ვხედავ ჩემი პორტრეტია. – პატარა სახეა, მართლა გამადიდებელი შუშით უნდა შეხედო. ძალიან მგავს, ჩემი ახალგაზრდობაა. რაღაც განსაზღვრა დალიმ-მეთქი, – ვიფიქრე. მე დავხატე მისი ამდენი პორტრეტი, თვითონაც არ დამრჩა ვალში,  ერთი სურათი მანაც დახატა.
– ოთხი პერსონალური გამოფენის ავტორი ხართ. რომელ პერსონალურ გამოფენას გამოყოფდით და რატომ?
– პერსონალურ გამოფენას ყოველთვის ოჯახის წევრებთან ერთად ვმართავდი. ესენი არიან: და – მანანა, შვილი – მაიკო, დისშვილები  – ბესო და თიკო კოპლატაძეები.
ეს წელი ჩემთვის წარმატებული და ნაყოფიერი გამოდგა. გურიის მუნიციპალიტეტმა კატალოგი დამიბეჭდა. აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამართულ გამოფენაზე სამხატვრო საბჭომ ქების სიგელი გადმომცა. სითბო და სიყვარული გამოხატა ყველა გამომსვლელმა. ამბობენ, რომ იმ გამოფენილი ნამუშევრების დათვალიერებისას დადებითი განწყობა შეექმნათ.
ჩემი განწყობა ხელოვნებისადმი ყოველთვის ამაღლებული და საზეიმოა. უქმად ყოფნა არ შემიძლია – თუ არ ვხატავ, მაშინ უნდა ვწერდე.
ჩემთვის დილა, საღამო, შუადღე, შუაღამე არ არსებობს. მღვიძავს, ესე იგი რაღაცას ვქმნი, ვაკეთებ, აჩქარებულია მაჯისცემა.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია პოეზია, ვფიქრობ საბავშვო წიგნის გამოცემაზე, რომელიც ჩემი ნახატებით გაფორმდება.
ვარ სამი მოდების ჩვენების ავტორი თბილისში. ვაკეში რესტორნის გახსნაზე 30 მოდელი გამოვიყვანე. შემდეგ სამოდელო სააგენტო „ნატალის“ გოგონები შევმოსე, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
– 2020 წელს ოზურგეთ, ბათუმი და თბილისი სამ პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებიც ეძღვნება თქვენი შემოქმედების 50 წლისთავს. როგორ ხვდებით ამ იუბილეს, როგორი განწყობა გაქვთ?
– თბილისში დაგეგმილ გამოფენაში 4 მხატვარი მივიღებთ მონაწილეობას: მე, ჩემი შვილი – მაია სალუქვაძე, და – მანანა ნიკოლაიშვილი,  დისშვილი – თიკა კოპლატაძე…
ჩემი აზრით, ასე უფრო საინტერესო გამოვა, რადგან ყველას განსხვავებული მანერა და თვალთახედვა გვაქვს.
– როგორც ხელოვანს, რა პრობლემები და სურვილები გაქვთ?
– მუდამ მუზების გარემოცვაში ვარ, ყოველი დღის გათენება კარგ განწყობას მიქმნის, ხშირად ბედნიერად ვგრძნობ თავს, სხვისი წარმატება მიხარია.
ყოველი ნიჭიერი ადამიანი ჩემი სიხარულია და დადებითი ენერგიით მავსებს. მინდა მთელი საქართველოს მოსახლეობა დავხატო, რასაც, ბუნებრივია, სოლიდური დაფინანსება და ძალისხმევა დასჭირდება. არადა, რამდენი სულიერად და ფიზიკურად ლამაზი პიროვნებაა ჩვენ გვერდით, რომლებიც დაფასებას და ყურადღებას იმსახურებენ, მაგრამ ამას მოკლებულნი არიან.
დაუღალავი მუშაობის შედეგად, უამრავი დიდი ზომის ნამუშევარი დამიგროვდა. მინდა მქონდეს ერთი სახელოსნო, სადაც 300 ნამუშევარს გამოვფენ და მნახველს მათი დათვალიერების საშუალება ექნება. ჩემი ოცნებაა, სადმე,  თბილისში, ბათუმსა თუ გურიაში, ნებისმიერ ადგილას გამოიყოს ფართობი ამ ნახატების გამოსაფენად,  რომელიც შემდეგ მუზეუმი იქნება და ჩემს ქვეყანას დავუტოვებ საჩუქრად.
ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთი მოკრძალებული თხოვნაც მაქვს, იქნებ ვინმე გამოჩნდეს, ვინც ამ თხოვნა-სურვილს შემისრულებს –   იქნებ ჩემი ფერწერა საზღვარგარეთ გამოიფინოს.
ყველაფერი ღვთის ნებაა, იმედს არ ვკარგავ, ოპტიმისტი ვარ.
დაბოლოს, რას ეტყოდით მკითხველს?
– მე ვარ სინათლის,  მზის მხატვარი, ჩრდილებს არ ვხატავ. მითუმეტეს ვიცი, რომ ხატვა შუქ-ჩრდილის მონაცვლეობაა. ამიტომ ჩემი ნამუშევრების ყველა დამთვალიერებელი ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს არის სინათლით, სითბოთი,  სიყვარულით გაჯერებული ფერწერა. უარყოფით ნამუშევარს და პერსონაჟს ჩემს ნახატებში ვერ ნახავთ.
სილამაზე გადმოვცე – ეს არის ჩემი უპირველესი ამოცანა. მხოლოდ მონუმენტური ფერწერა მანიჭებს დიდ სიამოვნებას. ჩემი ბედნიერება ისაა, რომ ჩემი განუმეორებელი სამყარო მაქვს, უამრავი იდეა და მუზა, მუდმივად მასაზრდოებს, როგორც ხელოვანს.
ვერ ვიტან უსამართლობას, შური მტრობა მიუღებელი და სამარცხვინოა, შრომისმოყვარე ადამიანში უარყოფითი ენერგია არ არსებობს ან ძალიან შემცირებულია. არ ვეთნხმები კორონას პოპულარიზაციას, რასაც ადამიანის დასამონებლად უფრო იყენებენ.
არ მომწონს დაბეჩავებულ, გაუბედურებულ ხალხს რომ ვხედავ, ქართველს მონობა არ უხდება!
მჯერა, რომ ამბობენ, პოლიტიკა ბინძური საქმეაო. პოლიტიკა, გვინდა თუ არა, ყველას გვეხება, ვისურვებდი ხალხზე მზრუნველ ხელისუფლებას. შემოქმედი ადამიანები წინა ხაზზე უნდა იდგნენ, როცა მათ ქვეყანას სჭირდება.
დაბოლოს, მე პორტრეტისტი ვარ, მიყვარს ადამიანი. ჩემი დევიზია: მადლი, სიკეთე, იმედი მომავალ თაობას. მწამს ღმერთი, იხარეთ ორთავ სოფელსა შინა.

თამარ შაიშმელაშვილი

 


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები