რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი გერმანული კლინიკიდან გაწერეს. თითქოს, ცხოვრება თავიდან დაიწყო – სწავლობს სიარულს, წერას, კითხვას. ფაქტობრივად, გერმანელმა ექიმებმა ის სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯეს – სიკვდილსა და რუსულ სპეცსამსახურებს. გერმანული ბუნდესვერის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ერთ-ერთი სახეობის მომწამვლელი ნივთიერებით იყო მოწამლული. ევროპარლამენტის დეპუტატები ეჭვობენ, რომ ამის უკან სწორედ კრემლის სპეცსამსახურები დგანან, ვინაიდან ამ ნივთიერების შეძენას კერძო პირები ვერ შეძლებდნენ.
დასავლეთი საკმაოდ გაღიზიანებული ჩანს როგორც მოსკოვის ჩვეული ტაქტიკის, ისე – კონკრეტული განცხადებების, თანაც, ამ დრომდე რუსეთში ნავალნის მოწამვლის ფაქტის გამოძიება არ დაუწყიათ. რუსი ექიმები ხომ ამტკიცებდნენ, რომ ის მოწამლული არ იყო, შესაბამისად, პროკურატურამ რა უნდა „გამოიძიოს“? აი, აქ კი ყველაზე საინტერესო მომენტი დგება. რამდენიმე კვირის განმავლობაში ექიმებით დაწყებული და ზახაროვა-პესკოვით დამთავრებული გაჰკიოდნენ, რომ ნავალნი არავის მოუწამლავს. კრემლის მთელი პროპაგანდისტური მანქანა ფაქტის უარყოფის რეჟიმზე იყო გადართული. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ფრანგულმა გაზეთმა – Le Monde-მ ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც ნავალნის თემას ეხებოდა. თითქოს და, ამ საუბარში პუტინმა ივარაუდა, რომ ნავალნიმ თვითონ მოიწამლა თავი. გაზეთი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ოპოზიციონერის შესახებ ზიზღით ლაპარაკობდა და მას „ინტერნეტ ბალამუტი“ უწოდა. მისი თქმით, „ალექსეი ნავალნი წარსულშიც სიმულიანტობდა, ასევე, მრავალგზის სჩადიოდა უკანონობას და „კორუფციასთან ბრძოლის ფონდს“ დეპუტატებისა და ჩინოვნიკების შანტაჟისთვის იყენებდა. მან მაკრონს უამბო, რომ შესაძლებელია, ნავალნიმ თავად გადაყლაპა „ნოვიჩოკი“, რომლის დამზადებაც უფრო მარტივია, ვიდრე – ყველას ჰგონია. როგორც ჩანს, პუტინმა ზუსტი „რეცეპტიც“ იცის, თუმცა, ასე შორს აღარ წასულა და საფრანგეთის პრეზიდენტისთვის მისი ინგრედიენტები აღარ დაუსახელებია. კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ საქმეში ლატვიის კვალის გამორიცხვაც არ შეიძლება, რადგან „ნოვიჩოკის“ შემქმნელი ახლა იქ ცხოვრობს. Le Monde-ს ცნობით, გაოცებულმა ემანუელ მაკრონმა მაშინვე უკუაგდო ეს ვერსიები. როგორც ახლა ინტერნეტში წერენ, მარტივი იქნებოდა იმის წარმოდგენა, როგორ გაოგნდა საფრანგეთის პრეზიდენტი, როცა მოისმინა, რომ ადამიანმა შეიძლება, თავად მოიწამლოს თავი ისეთი ნივთიერებით, როგორიც „ნოვიჩოკია“ და ეს პუტინის ჯინაზე გააკეთოს.
თავად ალექსეი ნავალნი კი ამ ინფორმაციას შემდეგნაირად გამოეხმაურა: „ვლადიმერ პუტინმა ფრანგ კოლეგას უთხრა: „ნავალნის შეეძლო, თავად მიეღო ეს საწამლავი“….კარგი ვერსიაა. მიმაჩნია, რომ დაკვირვებით განხილვას იმსახურებს. მოვხარშე სამზარეულოში „ნოვიჩოკი“. ჩუმად მოვსვი ის თვითმფრინავში. ჩავვარდი კომაში. მანამდე მოველაპარაკე ცოლს, კოლეგებსა და მეგობრებს, რომ თუ ჯანდაცვა დაძალებას დაიწყებს, რომ სამკურნალოდ გერმანიაში წამიყვანონ, ამის უფლება არ მისცენ. ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და ომსკის მორგში მოხვედრა – აი, რა იყო ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი! მაგრამ პუტინმა მაჯობა. ასე მარტივად კი ვერ მოატყუებ. საბოლოოდ, მე სულელმა 18 დღე კომაში გავატარე, მიზანს კი ვერ მივაღწიე. პროვოკაცია არ გამომივიდა!“
პუტინის ამ მოსაზრებას ასევე ეხმიანებიან სხვა ადამიანებიც და საკმაოდ ლოგიკურ დაშვებას აკეთებენ – შესაძლებელია, დონბასმა თავად მოახდინა საკუთარი თავის ოკუპაცია, „მალაიზიური ბოინგი“ უკრაინის თავზე წინასწარ გამზადებული გვამებით მიფრინავდა, სირიელი ბოევიკები ციმბირის დაპყრობას აპირებდნენ, აგრესორი ლატვია და ლიეტუვა რუსული ნავთობსადენების დაუფლებას ცდილობენ, ბელარუსელი მომიტინგე ქალები ნატო-ს აგენტები არიან, სკრიპალმა და ლიტვინენკომ თავად მოიწამლეს თავი, ნემცოვმა თვითონ ისროლა კეფაში და ასე შემდეგ… ჩვენც შეგვიძლია, დავამატოთ – საქართველომ ორი რეგიონი თავად წაართვა თავის თავს… მოკლედ, ყველაფერი პუტინის ჯინაზე ხდება!
ამას გარდა, ნიშანდობლივია არა მხოლოდ ვლადიმერ პუტინის განცხადების აბსურდულობა, არამედ – პირველ ყოვლისა, ის, რომ, ოპონენტის მოწამლვის ფაქტის ამდენი უარყოფის შემდეგ, ფაქტობრივად, გაჟღერდა სიმართლე-აღიარება იმისა, რომ ნავალნი მოწამლულია, თანაც, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი ნივთიერებით. ამას გარდა, კრემლის ტყუილებში ახლართვის კიდევ ერთი რეზონანსული ფაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებიდანაც გამოვლინდა.
“არაერთხელ განვაცხადეთ, რომ არც საბჭოთა კავშირში და არც რუსეთში, დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, პირობითი სახელწოდების მქონე “ნოვიჩოკის” შექმნასთან დაკავშირებით სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები არ ჩატარებულა. შემიძლია, ისევ დაგიდასტუროთ, რომ რუსეთის პოზიცია არ შეცვლილა”, – თქვა მან.
თუმცა, რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთში წარმოებული “ნოვიჩოკის” მარაგები უკვე განადგურებულია.… ანუ შევქმენით, გვქონდა და გავანადგურეთო… ბუნებრივია, ცალკე განხილვის თემაა, ნამდვილად გაანადგურეს თუ არა, მაგრამ ერთმანეთის საპირისპირო განცხადებებს რომ აკეთებენ, ნათელია.
კრემლი ცდილობს, დანაშაულებები, რომლებსაც საკუთარი სპეცასმსახურების ხელით სჩადის, მიჩქმალოს, მსოფლიო გაასულელოს, დააჯეროს, რომ დემოკრატიის ბურჯია, მაგრამ რეალობა კვლავ სულ სხვაა. თანაც, ამასობაში მოსკოვში აკავებენ ადამიანს, რომელის მოედანზე ნავალნის პორტრეტი ჰქონდა მაისურზე გამოსახული. ასე, უბრალოდ დააკავეს და უთხრეს, რომ დანაშაული ჩაიდინა, როცა ეს მაისური ჩაიცვა.
ზეზვა სილაქაძე