საპატრიარქო თვითმარქვია “სასულიერო პირს” ამხელს – ვინ არის ე.წ. მეუფე მიქაელი
საქართველოს საპატრიარქო თვითმარქვია “სასულიერო პირს”, ე.წ. მეუფე მიქაელს ამხელს. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პირი მიხეილ პირმისაშვილია – მან სასულიერო ცხოვრების გზა რუსი-ურბნისის ეპარქიაში დაიწყო, თუმცა, ამჟამად არ ირიცხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში.
“თვითმარქვია სასულიერო პირი ე.წ. მეუფე მიქაელი — მიხეილ პირმისაშვილი
საზოგადოებაში არაერთი კითხვა გაჩნდა ე.წ. მეუფე მიქაელის საქმიანობის თაობაზე. აღნიშნული პიროვნება სოციალურ ქსელში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებისა და მღვდელმსახურების აქტიურ დისკრედიტაციას ეწევა და ამ მიზნით სატელევიზიო ეთერშიც არაერთხელ იყო მიწვეული სასულიერო პირის (მაღალი იერარქის) სტატუსით. ეს ყოველივე კი მოსახლეობის დიდ ნაწილს აბნევს და შეცდომაში შეჰყავს.
საქართველოს საპატრიარქოში არსებული შესაბამისი სამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დადგინდა, რომ აღნიშნული პირის ნამდვილი სახელი და გვარია მიხეილ პირმისაშვილი.
მან სასულიერო ცხოვრების გზა რუსი-ურბნისის ეპარქიაში დაიწყო, თუმცა, ამჟამად არ ირიცხება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო დასში, არასოდეს ყოფილა ხელდასხმული დიაკვნად, მღვდლად და, მით უფრო, ეპისკოპოსად.
როგორც ბოლო დროს შევიტყვეთ, იგი საქართველოს ეკლესიის მართლმადიდებლურ ტაძარშიც თვითნებურად და უნებართვოდ ატარებს მსახურებას, ამიტომ, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, საზოგადოებას მართებული ინფორმაცია მივაწოდოთ.
ზემოაღნიშნული პიროვნების მიერ ნებისმიერი სამღვდელო წესის შესრულება და საეკლესიო საიდუმლოების თეატრალიზება მართლმორწმუნე საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, ხოლო მის მიერ იმიტირებულ მსახურებაზე ჩვენი ეკლესიის მრევლის დასწრება — მძიმე საეკლესიო დანაშაული.
გარდა ამისა, ხსენებული პიროვნების მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ტაძრებში მსახურების თვითნებურად აღსრულება სხვის საკუთრებაში უნებართვოდ შეჭრაა და, ფაქტობრივად, სამართალდარღვევას წარმოადგენს”, – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.