“კონფლიქტების გადაწყვეტის შუასაუკუნეობრივი მეთოდები ტანკებითა და თვითმფრინავებით დამღუპველი იქნება რეგიონისთვის ისე, როგორც ძველად, მსოფლიოში აღარაფერი იქნება“

ყარაბაღის შეიარაღებულ კონფლიქტზე, ცვლილებებზე მსოფლიო პოლიტიკაში, კორონავირუსის შედეგებზე, გლობალურ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებზე ,,კვირა“ “სოციალ-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერს, გია ჟორჟოლიანს ესაუბრა:

-ყარაბაღის მოვლენებმა დესტაბილიზაციის სერიოზული საფრთხე გააჩინა კავკასიის რეგიონში.

– შეიარაღებული კონფლიქტი ყარაბაღში უშუალოდ არის დაკავშირებული მსოფლიოში არსებულ არასტაბილურ სიტუაციასთან. ივლისის შეტაკებების შემდეგ, ასეთი დიდმასშტაბიანი ბრძოლები აღარ გამართულა. ჩვენ ჯერ კიდევ არასაკმარისად გვესმის, რომ კლიმატური ცვლილებებით დაწყებული, ახალი გეოპოლიტიკური წესრიგით დამთავრებული მსოფლიო იცვლება და ისე, როგორც ძველად, აღარასოდეს იქნება. ტრადიციული მეთოდებით ძველი გეოპოლიტიკური მდგმარეობის შენარჩუნება ვეღარ მოხერხდება. კორონავირუსმა დაგვანახა, რა პერსპექტივები ,,ემუქრება“ კაცობრიობას უახლოეს მომავალში.

-ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის მოკლევადიანი პერსპექტივა როგორი გესახებათ?

-კონფლიტები ჩვენ ირგვლივ დღემდე შუასაუკუნეობივი მეთოდებით წყდება. არადა, უკვე სრულიად სხვა სამყაროში ვცხოვრობთ. ტანკებითა და თვითმფრინვებით ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტა დამანგრეველი იქნება რეგიონისთვის. სამხედრო გზით ყარაბაღის კონფლიქტი ვერ გადაიჭრება. ის ხილული თუ უხილავი ძაფებით სხვა დაძაბულობებს უკავშირდება: სირია-თურქეთის, თურქეთ-სომხეთის ურთიერთობებთან, თურქულ მოძრაობასთან სირიაში, ზოგად განწყობებთან აზერბაიჯანში საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, რუსულ ამბიციებთან რეგიონში და ასე შემდეგ. ამიტომაც, რთული იქნება ყარაბაღის კონფლიქტის შედეგების წინასწარი პროგნოზირება…

– მსოფლიო თანამეგობრობა ასეთ კონფლიქტებს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით წინ ვეღარ აღუდგება?

-წარმოვიდგინოთ სასურველი და არასასურველი ვითარებები. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წინ ვეღარ უდგება მსოფლიო შეიარაღებულ კონფლიქტებს. ეკონომიკური გლობალიზაცია სახეზეა, თუმცა, მისი მართვის მექნიზმები კაცობრიობამ ამ დრომდე ვერ შექმნა. საყოველთაო მშვიდობიანი წესრიგის თეორია ნიკო ნიკოლაძეს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში ჰქონდა შემუშავებული, რომელიც დღემდე აქტუალურია. გაერო-ს უნდა ჰქონდეს მექანიზმი, ყველა სამხედრო კონფლიქტი დაუყოვნებლივ აღკვეთოს კონფლიქტური ქვეყნების საკუთარი რიგებიდან გარიცხვითა და იძულების სხვა მექანიზმებით, მაგალითად, ევროსაბჭოდან გარიცხვით ან უფლებამოსილების შეჩერებით. ხომ სჯიან ისეთ ქვეყნებს, სადაც სასჯელის უმაღლეს ზომად სიკვდილით დასჯაა შენარჩუნებული? ცივილური ქვეყნები მზად არიან, შეასრულონ გაერო-ს მითითებები. ჩვენი პარტიის ლოზუნგიც ასეთია: ,,ვაქციოთ ომი ისტორიად“.

– ფიქრობთ, რომ მხოლოდ გაერო-ს რეზოლუციები შეაჩერებს მსოფლიოში მზარდ დაძაბულობასა და ყველა შეიარაღებულ კონფლიქტს?

-წინააღმდეგობები ახლაც და მომავალშიც, რასაკვირველია, იარსებებს, მაგრამ ისინი მშვიდობიანად, მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. მსოფლიოში იზოლირებულად ვერც ჩვენ და ვერც სხვა სახელმწიფოები ვერ იარსებებენ. თუ კაცობრიობამ ასე არ იაზროვნა, დაიღუპება. კორონავირუსის შედეგებმა მსოფლიოს დაანახა, რომ სახელმწიფოთა შიდა სუვერენიტეტის გაზრდა გარდაუვალია, თუმცა, პანდემიას ცალსახად ვერავინ, მათ შორის, ზესახელმწიფოებიც ვერ გაუმკლავდებიან. ჩვენი პოლიტიკური აქცენტებიც ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებასა და ჯანდაცვის პრიორიტეტისკენაა მიმართული. შემდეგი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება, ვიფიქროთ ფუფუნებასა და სიმდიდრის ზრდაზე. ეს მხოლოდ ერთი და ორი პოლიტიკური პარტიის განცხადებით ვერ განხორციელდება, საამისოდ საყოველთაო ძალისხმევაა საჭირო.

– წლები გადის, ჩვენი ქვეყანა კი დღემდე – არჩევნებიდან არჩევნებამდე მხოლოდ ლოზუნგებით ცხოვრობს…

-ყველაფრის შეცვლა შესაძლებელია, თუ უარს ვიტყვით იმ გზაზე, რომელსაც 30 წელია, ვადგავართ. მოდის კონფლიქტების მოგვარებისა და თანასწორობის დრო. სახელმწიფომ ეს პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. ხარისიანი ჯანდაცვა, დასაქმების ღირსეული პირობები, დოვლათის საყოველთაო გადანაწილება და არა – ადამიანთა მცირე ჯგუფებისთვის მასზე ხელმწისაწვდომობა. უნდა გაიზარდოს სახელმწიფოს როლი და შესაძლებლობები ამ პროცესებში. ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ იმ ძველი გზით სიარულზე, რომლითაც აგერ 30 წლის განმავლობაში დავდივართ და უკეთესობა არ ჩანს. თუ გადასახადებს გაზრდილი როდენობით არ გადაიხდიან მდიდარი ორგანიზაციები და მცირე საწარმოებს დავბეგრავთ ისევე, როგორც – გიგანტ ბიზნესსტრუქტურებს, მივიღებთ სოცილურად არასტაბილურ სახელმწიფოს.

-გასულ კვირას ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ ,,სოციალ-დემოკრატები“ უკანონო ტენდერსა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ლობირებაში ,,ამხილა“. მართლა უმერხებოდ ტოვებდით ბავშვებს სასწავლო წლის დაწყების წინ?

-ქართული ჟურნალისტიკის ერთი ნაწილი სიყალბის ტირაჟირებითაა დაკავებული. ამ დროს რთულია თავის შეკავება. ასეთი ბრალდებები შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას. გამოდის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც მთელი სიცოცხლე სასწავლო აუდიტორიებში გავატარეთ და მომავალი თაობის აღზრდას მივუძღვენით, ბავშვები გავძარცვეთ და ამ ფულით საკუთარი ბანერები წამოვჭიმეთ ქალაქის ცენტრში? მოკლედ, ირაციონალური, ულოგიკო პროვოკაცია მოგვიწყვეს და, რაც მთავარია, იმ გათვლით, რომ მაყურებელი ამას დაიჯერებდა, რადგან მათი უმრავლესობა განსჯასმოკლებულად ჩათვალეს. მოვუწოდებ ჟურნალისტებს, ვიღაცის ხელში ინსტრუმენტად ნურასოდეს იქცევიან. ბოლოს და ბოლოს, არჩევნები გაივლის და ჩვენ ყველას ერთ საზოგდოებაში მოგვიწევს ცხოვრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები