ვინ უძღვება “პარადს” კავკასიაში – რუსეთის პასუხი თურქეთის ამბიციებს, ომი ყარაბაღში და საქართველო

26 სექტემბერს, გამთენიისას სომხურ – აზერბაიჯანული დაპირისპირების მორიგი ცხელი ფაზა დაიწყო – იმდენად ცხელი, რომ სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც სრული სამხედრო მდგომარეობა და მობილიზაცია გამოაცხადეს.

ივლისის მოვლენებისგან განსხვავებით, როცა მხარეები ერთმანეთს თავუზის რაიონში, საქართველოს საზღვრიდან სულ რაღაც 100 კილომეტრში დაუპირისპირდენ, ამჯერად, შეტაკებების ეპიცენტრი მთიანი ღარაბაღი და მისი შემოგარენია. თუ აზერბაიჯანელ სამხედროებს დავუჯერებთ, მათ სომეხი სამხედროებისგან 7 დასახლებული პუნქტი გაანთავისუფლეს და სტრატეგიული მნიშვნელობის საგზაო არტერიაზეც დაამყარეს კონტროლი. სომხური მხარე ამ ინფორმაციას ნაწილობრივ ადასტურებს, თუმცა, აცხადებენ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ და აზერბაიჯანის არმია დიდ დანაკარგებს განიცდის.

რა მასშტაბებს მიიღებს დაპირისპირება ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის?!

საქართველოში კარგად ცნობილი რუსი ბლოგერისა და ჟურნალისტის, მაქსიმ შევჩენკოს შეფასებით, ამჯერად, საქმე სერიოზულადაა და მხარეები ხანმოკლე შეტაკებებით არ შემოიფარგლებიან. შევჩენკოს მტკიცებით, ომი ყარაბაღში დიდხანს გაგრძელდება და ამის გარანტიას რუსეთი იძლევა.

როგორც შევჩენკო აცხადებს, ის – რაც ახლა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება, რუსეთის შორსმიმავალი გეგმის ნაწილია და პირდაპირ კავშირშია იმ გაზსა და ნავთობთან, რომელიც საქართველოსა და თურქეთის გავლით აზერბაიჯანიდან ევროპაში მიედინება.

შევჩენკოს მტკიცებით, მას შემდეგ, რაც „ჩრდილოეთის ნაკად 2 -ს“ (რუსული გაზსადენი ბალტიის ზღვაში) პრობლემები შეექმნა და აზერბაიჯანულმა გაზმა რუსული „გაზპრომი“ თურქეთში თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა, რუსეთმა აქტიური მოქმედებები გადაწყვიტა. თუ შევჩენკოს დავუჯერებთ, რუსეთის მთავარი სამიზნე სწორედ სამხრეთ კავკასიაზე გამავლი ენერგოდერეფანია და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ამ დერეფანს პრობლემები შეექმნას.

შევჩენკოს თქმით, თავუზის შეტაკებები დიდი ომის პრელუდია იყო კავკასიაში და რუსეთისთვის მთავარია, ახლა ამ ომში თურქეთიც ჩაითრიოს. როგორც რუსი ბლოგერი და ჟურნალისტი საკუთარ ვიდეომიმართვაში აცხადებს, ამისათვის რუსეთმა დიდი მოსამზადებელი სამუშაო გასწია და ამის ნათელი მაგალითია ყარაბაღში სომხეთთის მხარეს ქურთი „ბოევიკების“ (ქურთისტანის მუშათა პარტიის მებრძოლები) გამოჩენა.
შევჩენკოს თქმით, ქურთ „ბოევიკებს“ თურქეთისთვის ისეთივე ეფექტი აქვს, როგორც ხარისთვის – წითელ ნაჭერს და ძნელი დასაჯერებელია, რომ თურქეთი ამ პროვოკაციას არ წამოეგოს. შევჩენკოს თქმით, ყარაბაღის კონფლიქტში ჩართვით თურქეთს, ფაქტობრივად, ოთხ ფრონტზე (ლიბია, სირია, საბერძნეთი, ყარაბაღი) მოუწევს ბრძოლა და რუსეთის გათვლაც სწორედ ესაა. რუსი ჟურნალისტის თქმით, რუსეთმა თურქეთის სულ უფრო მზარდი ამბიციების მოთოკვა გადაწყვიტა და ამ გეგმას, დიდი ალბათობით, ბოლომდე მიიყვანს. შევჩენკოს შეფასებით, ამ გეგმის ნაწილი იყო სულ ახლახან დასრულებული, რუსული არმიის ფართომაშტაბიან წვრთნები – Кавказ-2020-იც. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში 12 800 ჯარისკაცი, 250 ტანკი, 450 ჯავშანმანქანა, 250 ერთეული საარტილერიო დანადგარი, ასევე, სარაკეტო სისტემები, ფლოტი და ავიაცია მონაწილეობდა. სწავლების დროს დამუშავებული იქნა თანამედროვე იარაღით კარგად აღჭურვილი მოწინააღმდეგის მოგერიება და კონტრშეტევა.

რუსი ბლოგერის მოსაზრებით, სამხედრო დაპირისპირებაში, დიდი ალბათობით, შესაძლოა, საქართველოც იყოს ჩათრეული.

„იმ შემთხვევაში, თუ თურქეთი აზერბაიჯანს სამხედრო ძალით დაეხმარება, კონფლიქტში რუსეთიც ჩაერევა და საქართველოს „სამხედრო დერეფნის“ მიცემას მოსთხოვს“, – აცხადებს შევჩეკო.

მისივე მოსაზრებით, რუსეთს კონფლიქტის ესკალაციისთვის დროც კარგად აქვს შერჩეული, კერძოდ, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში და საპრეზიდენტო – აშშ-ში. როგორც რუსი ჟურნალისტი და ბლოგერი ამტკიცებს, ამ შემთხვევაშიც რუსეთის გათვლა ნათელი და პრაგმატულია. შევჩენკოს მოსაზრებით, მოახლოებული არჩევნების გამო ტრამპის ადმინისტრაციას კავკასიისთვის არ სცალია და რუსეთს სამოქმედოდ ხელ-ფეხი გახსნილი აქვს.

რაც შეეხება საქართველოს, შევჩენკოს თქმით, თუ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას სამხედრო კორიდორს მოსთხოვს, ეს მოქმედ ხელისუფლებასა და ქვეყნის სტაბილურობას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

როგორც ცნობილია, Кавказ-2020-ს წინ უსწრებდა თურქეთისა და აზერბაიჯანის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ნახჭევანსა და აზერბაიჯანის აღმოსავლეთ რეგიონებში. როგორც rosbalt.ru წერს, ამ ყველაფერში განსაკუთრებით საღურადღებოა ის გარემოება, რომ წვრთნებში მონაწილე თურქი სამხედროების უკან სამშობლოში დაბრუნება არსად დაფიქსირდა, რაც იძლევა იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ისინი არც არსად წასულან.

შექმნილ სიტუაციაში, ალბათ, უპრიანია იმის ცოდნაც, როგორია დაპირისპირებული მხარეებისა და მათი მოკავშირეების სამხედრო პოტენციალი.

ანალიტიკური კომპანია Global Firepower -ის მიხედვით, რომელიც ყოველწლიურად ადგენს არმიების რეიტინგს, მსოფლიოს 138 ქვეყანას შორის აზერბაიჯანის არმიას 64 -ე ადგილი უკავია, ხოლო სომხეთისას – 111-ე. სომხეთის მოკავშირე რუსეთი რეიტინგში მეორეა, ხოლო აზერბაიჯანის მოკავშირე თურქეთი – მეთერთმეტე.

Global Firepower-ის მონაცემებით, დღეისათვის აზერბაიჯანს 367 ათასი ჯარისკაცი ჰყავს. აქედან 300 – რეზერვში, ხოლო 67 ათასი – სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. სულ აზერნაიჯანში სამხედრო სამსახურით მთელი მოსახლეობის 3.2 % დაკავებული.

სომხეთს 245 ათასი ჯარისკაცის მობილიზება შეუძლია. აქედან 200 ათასი რეზერვია. სამხედრო საქმიამობას სომხეთში მოსახლეობის 8.1 % ეწევა.

აზერბაიჯანს უპირატესობა აქვს ავიაციაშიც. 136 თვითმფრინავი და ვერტმფრენი – 64 საფრენის საშუალების საპირისპიროდ. სომხეთს საერთოდ არ ჰყავს გამანადგურებლები მაშინ, როცა აზერბაიჯანის განკარგულებაში 17 ასეთი თვითმფრინავია. მოიერიშე ავიაციაში თანაფარდობა 30-9-ზეა – ისევ აზერბაიჯანის სასარგებლოს. სომხეთს საერთოდ არ ჰყავს სამხედრო ვერტმფრენები, აზერბაიჯანის შეიარაღებაში 17 მოიერიშე ვერტმფრენია.

რაც შეეხება სახმელეთო ჯარებს – აზერბაიჯანს 655 ტანკი, 1671 საბრძოლო მანქანა, 419 საარტილერიო დანადგარი და 182 სარაკეტო კომპლექსი აქვს. სომხეთს სულ 110 ტანკი, 500 საბრძოლო მანქანა, 213 საარტილერიო დანადგარი და 70 სარაკეტო კომპლექსი აქვს. სომხეთის სამხედრო ბიუჯეტი 512 მილიონი დოლარია. აზერბაიჯანი არმიას მილიარდ 600 მილიონი დოლარით აფინანსებს.

საინტერესოა, რომ კორონავირუსისა და რეცესიის პირობებშიც კი რუსეთი თავის სამხედრო შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის. ბოლო ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების დაფინანსება რუსეთმა 14 %-ით გაზარდა. 36 %-ით გაიზარდა ბირთვული შეიარაღების დაფინანსება, ხოლო ახალი იარაღის შექმნა დამუშავებაზე გამოყოფილი თანხები 10 %-ით გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები