ჯო ბაიდენი: სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში “მესამე მხარეების” ჩარევა დაუშვებელია, ვითარების დაუყოვნებლივი დეესკალაცია უნდა მოხდეს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი მთიან ყარაბაღში სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირსპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ საჭიროა ვითარების დაუყოვნებლივი დეესკალაცია.

„ღრმად ვარ შეშფოთებული მთიან ყარაბაღში ძალადობის აფეთქებასთან დაკავშირებით და მოვუწოდებ ვითარების დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის აღდგენისა და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების აღდგენისკენ. მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყება აჩენს რისკს, რომ დაპირისპირება უფრო დიდ, რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს. ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან, საფრანგეთსა და რუსეთთან ერთად, რათა მშვიდობიანი გამოსავალი მოიძებნოს”, – ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, კონფლიქტში „მესამე მხარეების“ ჩარევა დაუშვებელია, რადგანაც საომარი მოქმედებების ესკალაციამ შესაძლოა, უფრო დიდი მასშტაბის რეგიონული კონფლიქტი გამოიწვიოს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 27 სექტემბერს დაიძაბა. პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის მიმართულებით საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო.

აზერბაიჯანული მხარის განმარტებით კი, ისინი სომხეთის მხრიდან მთელი ფრონტის ხაზზე სროლებს პასუხობდნენ. ორივე მხარე იუწყება, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები