Facebook-მა რუსეთში შექმნილი ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა, რომელთა სამიზნეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, საქართველო წარმოადგენდა

კომპანია Facebook-მა რუსეთში შექმნილი ყალბი ანგარიშები და გვერდები წაშალა, რომელთა სამიზნეს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, საქართველო წარმოადგენდა.

როგორც Facebook-ის განცხადებაშია აღნიშნული, „კოორდინებული არაავთენტური ქცევისთვის“ უცხოური ან სახელმწიფო ჩარევის წინააღმდეგ სოციალური ქსელის პოლიტიკის დარღვევისთვის წაშლილია 214 პირადი ანგარიში, 35 გვერდი და 18 ჯგუფი, ასევე სოციალურ ქსელ Instagram-ის 34 ანგარიში.

აღნიშნული ყალბი ანგარიშები, ჯგუფები და გვერდები რუსეთშია შექმნილი ძირითადად სირიასა და უკრაინაზე, ასევე, შედარებით მცირე დოზით, თურქეთზე, იაპონიაზე, სომხეთზე, საქართველოზე, ბელარუსსა და მოლდოვაზე იყვნენ ორიენტირებული. გარდა ამისა, აღნიშნული საქმიანობის მცირე ნაწილი მიმართული იყო დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სკენ.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული კამპანიის უკან მდგომი პირები ინფორმაციას მრავალ ენაზე აქვეყნებდნენ, მათ შორის, ინგლისურად, უკრაინულად, რუსულად, არაბულად. ისინი ხშირად აქვეყნებდნენ ახალი ამბებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, მათ შორის, სირიის სამოქალაქო ომის, თურქეთის საშინაო პოლიტიკის, ნატო-ს, უკრაინის ომის, ბალტიის ქვეყნებში, საქართველოში, სომხეთში, უკრაინაში, რუსეთში, ბელარუსსა და აშშ-ში პოლიტიკის შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები