თამარ იოსელიანი: ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებები და ეკონომიკური კეთილდღეობა დიდწილად არის დამოკიდებული საზღვაო სექტორის გამართულ მუშაობაზე

“ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებები და ეკონომიკური კეთილდღეობა დიდწილად არის დამოკიდებული საზღვაო სექტორის გამართულ მუშაობაზე”, – ამის შესახებ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მდგრადი საზღვაო გადაზიდვებისა და საზღვაო სფეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს.

„მსოფლიო საზღვაო დღეს ვულოცავ დარგის ყველა წარმომადგენელს. ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებები და ეკონომიკური კეთილდღეობა დიდწილად არის დამოკიდებული საზღვაო სექტორის გამართულ მუშაობაზე. საზღვაო ტრანსპორტი ყველაზე ეფექტური და ეკონომიური ტრანსპორტია – ზღვით გადაიზიდება მსოფლიო ტვირთების 80%, რაც უზრუნველყოფს გლობალური საქონლის საიმედო და დაბალფასიან ტრანსპორტირებას, ვაჭრობის ხელშეწყობასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. მდგრადი საზღვაო გადაზიდვებისა და საზღვაო სფეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და პროექტები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ევროპული სტანდარტით შეასრულოს თავისი, როგორც საზღვაო ქვეყნის ფუნქციები და ვალდებულებები საერთაშორისო დონეზე”, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მისი თქმით, 2019 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიო სახელმწიფოებს შორის მე-13 ადგილს იკავებდა ევროკავშირის გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით.

„აქტიურ ფაზაშია შესული სექტორული ინტეგრაცია – საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებითა და სერვისებით სარგებლობს საზღვაო სფეროს ცალკეულ მიმართულებებში. მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს საზღვაო განათლების განვითარებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების მიმართულებით: 2019 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიო სახელმწიფოებს შორის მე-13 ადგილს იკავებდა ევროკავშირის გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით, 2019 წელსვე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ (IMO) „თეთრ სიაში” ორგანიზაციის წევრი 165 ქვეყნიდან მხოლოდ 53 სახელმწიფო შეიყვანა, მათ შორის საქართველოც, რითიც დაადასტურა ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოზიცია მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს გვყავდა 8000 მეზღვაური, დღეს მათი რიცხვი 13600-ს შეადგენს და ევროკავშირთან თანამშრომლობით მათი ღირსეული დასაქმების შესაძლებლობებს ვზრდით”, – აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

„დღეს ჩვენ უკვე გადავედით დინამიკური აპროქსიმაციის ეტაპზე, რაც გულისხმობს საქართველოს დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან არამხოლოდ სტატიკურ რეჟიმში – საქართველო არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას ახდენს, არამედ  – უკვე განახლებული სტანდარტების დანერგვას ვახორციელებთ. ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, ვმუშაობთ საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიაზე. ევროკავშირთან ერთად ვქმნით შესაძლებლობებს საქართველოს საზღვაო სფეროს მდგრადი განვითარებისათვის”, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

24 სექტემბერს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მიესალმება მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ხაზს უსვამს საზღვაო სფეროში საქართველოს მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები