24 სექტემბერს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი მიმართვას ავრცელებს.
„გილოცავ მსოფლიო საზღვაო დღეს, საქართველო! ისტორიულად, წყალი ადამიანებსა და კონტინენტებს შორის გამყოფიც იყო და გამაერთიანებელიც. ევროკავშირი და საქართველო ერთად ცდილობენ, რომ შავი ზღვა თანდათან იქცეს იმ ხიდად, რომელიც ჩვენს გაერთიანებასა და დაახლოებას შეუწყობს ხელს. ევროკავშირსა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობა ის წარმატებაა, რომელზეც ჯერ კიდევ ბევრია მოსაყოლი. ჩვენ ერთად უზრუნველვყავით სფეროს განვითარება და მოდერნიზება, გავზარდეთ გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების სტანდარტები, რათა უფრო მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ სფეროში მუშაობით და ხელი შეუწყოს მის მდგრად განვითარებას, რაც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის. ასევე, იმისთვის, რომ განხორციელდეს საქართველოს გეგმა, რომელიც რეგიონში მის სატრანსპორტო და დამაკავშირებელ კვანძად ქცევას ითვალისწინებს. დღეს საქართველოს უკვე 12 000-ზე მეტი მეზღვაური ჰყავს და მათი ყოველწლიური შენატანი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით ხუთასი მილიონი ლარია. გასულ წელს 40 პროცენტით გაიზარდა საკონტეინერო ტვირთბრუნვა საქართველოს პორტებში, რაც შემდგომი ზრდის პოტენციალის მაჩვენებელია. ჩვენ ერთად შევძელით ის, რომ ევროკავშირის 22 დირექტივიდან და რეგულაციიდან საქართველოს უკვე დანერგილი აქვს 16. ამჟამად, ერთად ვმუშაობთ საქართველოს პირველ საზღვაო სტრატეგიაზე; ამ ერთობლივმა შრომამ უკვე მისცა საქართველოს მეზღვაურებს საშუალება, რომ მათი განათლება და სერტიფიკატები აღიარებულიყო ევროპის 20 სახელმწიფოს მიერ, რაც საქართველოს მეზღვაურებს ევროპულ გემებზე არა მხოლოდ მუშაობის, არამედ – კაპიტნობის შესაძლებლობასაც კი აძლევს. ნება მომეცით, დავასრულო ეს განცხადება გულწრფელი მადლობით საქართველოს ყველა მეზღვაურისა და საზღვაო სფეროში მომუშავე ადამიანის მიმართ, რომლებიც „კოვიდის“ ამ რთულ დღეებში 24-საათიან რეჟიმში მუშაობდნენ, რათა საქართველოს პორტებში საქონელი და მარაგები უწყვეტად შემოსულიყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი მადლობა“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართვაში, რომელსაც ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.