ჯანმო-ს სამუშაო ჯგუფის წევრი: ნოემბრის დასაწყისიდან გრიპის ვირუსისა და კოვიდვირუსის ცირკულირება გვექნება, ცხადია, ეს გაართულებს სიტუაციას

“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა მიმდინარეობს და ცხადია, ეს შემაშფოთებელია, მაგრამ თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, ჯერჯერობით, ტემპი ნაკლებია”, – ამის შესახებ „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა” და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების სამუშაო ჯგუფების წევრმა, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა, მედიცინის დოქტორმა, ზაზა წერეთელმა განაცხადა.

ზაზა წერეთელმა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა.

„საქართველო არ არის გამონაკლისი. მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ვადევნებთ თვალს ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას. ეს, მეტნაკლებად, მოსალოდნელი იყო. ეს ქვეყნები ჩაკეტილები იყვნენ ივნისამდე და შემდეგ გაიხსნა ყველაფერი, უამრავი მოსახლე გამოვიდა გარეთ, ცხადია – ამან გამოიწვია ის, რომ ვირუსის გავრცელება გაიზარდა. საქართველოც არ არის გამონაკლისი. საქართველოშიც აჭარიდან დაიწყო, სადაც ყველაზე მეტი ხალხი ჩავიდა დასასვენებლად. როდესაც ხალხი ჩაკეტილი იყო, მაშინ ვირუსის ცირკულირების ნაკლები საშუალება იყო.
საქართველოში მიმდინარეობს ზრდა და ცხადია, ეს შემაშფოთებელია, მაგრამ თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, ჯერჯერობით, ტემპი ნაკლებია. ისეთი ტემპი არ არის, როგორიცაა ესპანეთში, იტალიაში, ჩეხეთში, სადაც ათასობით შემთხვევებია. ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი 3 დღის წინ გადადგა იმიტომ, რომ პრაღაში, დაახლოებით, 3 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდა“, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში თითოეული მოქალაქის თვითშეგნებაა ის, თუ როგორ დაიცავენ რეკომენდაციებს.

როგორც ზაზა წერეთელმა განაცხადა, ჯანდაცვის სისტემაც მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ პაცინეტების მზარდი რაოდენობა მიიღოს.

„რას შეიძლება, ველოდოთ საქართველოში? აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. პირველი ფაქტორია ის, რომ ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისიდან ველოდებით გრიპის ვირუსს, შესაბამისად, ორი ვირუსის ცირკულირება გვექნება – გრიპის ვირუსისა და კოვიდვირუსის. ეს ცხადია, გაართულებს სიტუაციას. თუ ეს ორივე ვირუსი შეხვდა ადამიანს, დაავადება შესაძლოა, სხვანაირად წარიმართოს. მეორე – ამ ორი დაავადების სიმპტომები ძალიან ჰგავს ერთმანეთს. შესაბამისად, ბევრმა გრიპის სიმპტომიანმა შეიძლება, მიმართოს ჯანდაცვის სისტემას და ეს სისტემის დატვირთვას გამოიწვევს. ამიტომ, აქ ორი მომენტია მნიშვნელოვანი: პირველი – ჩვენი მოქალაქეების თვითშეგნება – ის, თუ როგორ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ცნობილია. ამასთან, ჯანდაცვის სისტემაც მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ პაცინეტების მზარდი რაოდენობა მიიღოს, თუ ეს გვექნება. აუცილებელია, ვიცოდეთ, როგორ მდგომაროებაშია პირველადი ჯანდაცვა და ჰოსპიტალური სექტორი. არის კიდევ მესამე რგოლი – ესაა ეპიდემიოლოგების რგოლი. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საქართველოს ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა ფანტასტიური სამუშაო ჩაატარა. ეს სამსახური რომ არა, შეიძლება, შედეგები გაცილებით რთული ყოფილიყო. ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა დროულად და სწრაფად მოახერხა გამოვლენა და კონტაქტების პოვნაც. ახლა ასეთი მომენტია – როცა შემთხვევბის რაოდენობის ზრდა დაიწყება, ჩვენ უფრო და უფრო მეტი ეპიდემიოლოგი დაგვჭირდება , რადგან კონტაქტების რაოდენობა გაიზრდება. აქ კითხვის ნიშანია, მე არ ვიცი, როგორი მდგომარეობაა საქართველოში. ბევრ ქვეყანაში სპეციალურად დაიქირავეს მოხალისეები მაისი-ივნისი-ივლისში, როცა შემთხვევების რაოდენობა ნაკლები იყო. მოხალისეები გადაამზადეს, რათა ისინი მიეხმარონ ეპიდემიოლოგებს კონტაქტების გამოვლენაში. ბევრმა ქვეყანამ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო, კერძოდ, მობილურ ტელეფონებზე სპეციალური აპლიკაციების ჩამოტვირთვა, რომლის მეშვეობითაც დაადგენთ, ხართ თუ არა კონტაქტში იმ პირთან, რომელიც ინფიცირებულია. საქართველოშიც გამოცხადდა ამ პროგრამის შესახებ, მაგრამ რამდენმა ადამიანმა ჩამოტვირთა, ამაზე ინფორმაცია არ ყოფილა.
რომ შევაჯამოთ, ეს მთელი კომპლექტია: ჰოსპიტალური სექტორი , გვაქვს თუ არა საკმარისი საწოლი; ჩვენი, თითოეული ადამიანის თვითშეგნებაა, ვიცავთ თუ არა წესებს და გვყავს თუ არა საკმარისიად მომზადებული ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტები, რათა გავუმკლავდეთ მზარდ რიცხვს, რამეთუ ზრდა იქნება”, – განაცხადა ზაზა წერეთელმა.

ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4140 -ს შეადგენს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები