ახალი ომის ზღვარზე – აზერბაიჯანი სომხეთს ფართომასშტაბიანი ომის სამზადისში ადანაშაულებს

ტავუზის ინციდენტიდან თითქმის სამი თვე გავიდა. ივლისში დაწყებულ შეტაკებებს სომხეთ – აზერბაიჯანის საზღვარზე ორივე მხრიდან რამდენიმე ათეული სამხედრო შეეწირა.

საერთაშორისო აქტორების ჩარევის შედეგად, მოხერხდა და შეტაკებები ფართომასშტაბიან ომში არ გადაიზარდა. თუმცა, როგორც აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რეგიონში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება და მეტიც, სომხეთი სრულმასშტაბიანი ომისათვის ემზადება. სომხეთის მოსალოდნელ აგრესიაზე ისაუბრა საკუთარ ვიდეომიმართვაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. ალიევის განცხადებით, სომხეთის პრემიერმინისტრის მითითებით, დაწყებულია ათეულობით ათასი სამოქალაქო პირების შეიარაღება და მოხალისეთა რაზმების ფორმირება. ალიევის თქმით, მთელი პასუხისმგებლობა კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში სომხეთის დაიკისრება. „მოვუწოდებთ გაერო-სა და საერთაშორისო თანამეგობრობას, არ დაუშვან ახალი აგრესია სომხეთის მხრიდამ“, – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

სომხეთის მოსალოდნელ აგრესიაზე საუბრობს თურქეთის საგარეო საქამეთა მინისტრი, მევლუდ ჩავუშოღლუც. თურქეთის პირველმა დიპლომატმა საკუთარ Twitter -ზე სომხეთს აგრესიის შეწყვეტა და გონზე მოსვლა ურჩია.

აზერბაიჯანული მედიისა და ადგილობრივი ანალიტიკოსების შეფასებით, სომხეთის საომარ სამზადის ადასტურებს სომხური დიპლომატიის ბოლოდროინდელი გააქტიურება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (ერაყი, ლიბანი ეგვიპტე ) და იქ გამართული შეხვერდები. აზერბაიჯანული მხარის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სომხური მხარის კონტაქტები ერაყის ქურთისტანში, ადგილობრივ გასამხედროებულ დაჯგუფებებთან. როგორც haqqin.az წერს, სომხეთის ელჩს ერაყში, გრაჩია ფოლადიანს აქტიური კონტაქტები აქვს „ქურთისტანის მუშათა პარტიასა“ და მის ხელმძღვანლობასთან. აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, კონტაქტების დამყარებაში სომეხ დიპლომატს აქტიურად ეხმარება რუსეთის ერთ-ერთი ცნობილი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, არაზ შეიხ ჯენგი ტალაბანი.

სომხეთის ახლო კავშირები იკვეეთება, ასევე, სირიასა და ერაყში ქურთების დაზვერვის სამსახურის „ზანიარის“ შეფთან, ლახურ შეიხ ჯენგი ტალაბანთან. აზერბაიჯანული მედიის მტკიცებით, ფაქტობრივად, მიღწეულია შეთანხმება, რომლის თანახმადაც ქურთი მებრძოლები ადგილობრივ მოხალისეებს ყარაბაღში საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. თუ haqqin.az -ს დავუჯერებთ, ცნობილია მარშრუტიც, რომლითაც ქურთი მებრძოლები ყარაბაღში ჩადიან და ეს მარშრუტი ირანის რამდენიმე პროვინციაზე, მათ შორის, მაზანდარზე გადის. გამოცემა haqqin.az -ის ინფორმაციით, ქურთი მებრძოლების გარკვეული რაოდენობა უკვე იმყოფება ყარაბაღში, ხოლო მებრძოლთა ორი დაჯგუფება „ქურთისტანის მუშათა პარტიიდან“, რომლებიც სირიისა და ირანის ტერიტორიაზე იმყოფებიან, აქტიურად ემზადებიან ყარაბაღში გადასასვლელად. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, აშკარაა, რომ რეგონული, და არამარტო რეგონული მასშტაბის სახელმწიფოებს თურქულ-აზერბაიჯანული ერთობა აშფოთებთ და ყარაბაღში ახალი კონფლიქტის პროვოცირებას ცდილობენ. აზერბაიჯანული მხარე უკმაყოფილოა „მინსკის ჯგუფის“ მუშაობითაც, რომელიც ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებაზეა პასუხისმგებელი. შეგახსენებ, რომ ცოტა ხნის წინ სომხურ აზერბაიჯანულ კონფლიქტში ქართული მხარის ჩათრევის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი. უცხოურ მედიაში გაჩდა ინფორმაცია, თითქოს, სერბეთიდან და რუსეთიდან წამოსული სამხედრო ტვირთები საქართველოს გავლით სომხეთში ხდებოდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია კატაგორიულად უარყო აზერბაიჯანმა. მეტიც, ილჰამ ალიევმა საქართველოს საიმედო პარტნიორი უწოდა და მადლობა გადაუხადა, რომ საკუთარ ტერიტორიაზე სომხეთისათვის განკუთვნილი სამხედრო ტვირთების გატარებას არ დათანხმდა.

სომხურ – აზერბაიჯანული დაპირისპირება 28 წლის წინ ყარაბაღში, სომხური ვერსიით არცახში, მას შემდეგ დაიწყო, რაც ადგილობრივმა სომხურმა მოსახლეობამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1991 წელს დაწყებული სამხედრო დაპირისპირება 1994 წელს ბიშკეკში გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების გაფორმებით შეჩერდა. მას შემდეგ კონფლიქტის დარეგულირებას ეუთო-ს ეგიდით აქტიურად ცდილობენ რუსეთი, საფრანგეთი და აშშ, თუმცა, რაიმე პროგრესის მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა. მეტიც, 2016 წელს დაწყებულ მორიგ სამხედრო დაპირისპირებას, რომელიც 4 დღეს გაგრძელდა, გაერო-ს მონაცემებით, 33 ადამიანი ემსხვერპლა და 200-ზე მეტი დაიჭრა. განსხვავებული სტატისტიკა აქვთ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს. აზერბაიჯანული მხარის მტკიცებით, 4-დღიან ომში მათ 400 სომეხი ჯარისკაცი გაანადგურეს. 300 აზებაიჯანელი სამხედროს განადგურებაზეა საუბარი სომხეთის სამხედრო უწყების ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები