შეჩერდება თუ არა “ჩრდილოეთ ნაკად2”-ის მშენებლობა, რომელიც ევროპას რუსულ გაზზე მეტად დამოკიდებულს გახდის – აშშ კოალიციას ქმნის

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის “ნოვიჩოკის” ჯგუფის შხამით მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით დასავლეთის უარყოფითი რეაქციები სულ უფრო იკრებს ძალას, სადაც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, ასევე, კრემლისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის, “ჩრდილოეთ ნაკადი2”-ის გაზსადენის მშენებლობის შეჩერებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

მომხდარს ორი კვირის წინ გერმანიის კანცლერი – ანგელა მერკელიც გამოეხმაურა და არ გამორიცხა ნებისმიერი სცენარის განხორციელება, თუ რუსეთი პოლიტიკოსის მოწამვლასთან დაკავშირებით დამაჯერებელ გამოძიებას არ ჩაატარებს.

ამასთან, როგორც ირკვევა, საკითხში აქტიურად ჩაერთო აშშ. სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ქმნის კოალიციას, რომელიც “ჩრდილოეთის ნაკადი 2″-ის ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

„ვიმედოვნებთ, რომ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის მილსადენის მშენებლობა ბოლომდე არ შესრულდება. ჩვენ ვმუშაობთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ შექმნილი კოალიცია ხელს შეუშლის აღნიშნული პროექტის განხორციელებას”, – ნათქვამია პომპეოს განცხადებაში.

აშშ აღნიშნული ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობას პირველივე დღიდან ეწინააღმდეგება. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ეს გამოიწვევს ევროპული სახელმწიფოების რუსულ გაზზე ზედმეტად დამოკიდებულებას, რაც საფრთხეს შეუქმნის ევროპის უსაფრთხოების იდეას.

პროექტის განხორციელების წინააღმდეგ აშშ-ის პოზიცია აქამდეც ხშირად დაუფიქსირებია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი იყო 2018 წლის ბრიუსელის სამიტი, როდესაც დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან გამართულ ლანჩზე განაცხადა, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი ამერიკული ფული ევროპიდან რუსეთში მიდის, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.

„ვფიქრობ, ძალიან სამწუხაროა, როდესაც გერმანია ნავთობისა და გაზის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმებას აფორმებს რუსეთთან. როდესაც თქვენ თავს უნდა იცავდეთ მისგან, გერმანია მიდის და მილიარდობით დოლარს უხდის რუსეთს წელიწადში. ჩვენ ვიცავთ გერმანიას, ვიცავთ საფრანგეთს, ვიცავთ ყველა ამ ქვეყანას და შემდეგ ეს ქვეყნები რუსეთთან მილსადენის შეთანხმებას დებენ, სადაც ისინი მილიარდ დოლარს იხდიან რუსეთის სალაროებში”, – ნათქვამია ტრამპის მიერ 2018 წელს გაკეთებულ განცხადებაში.

ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის პროექტი შედგება 745 მილის სიგრძის ტყუპი მილსადენებისგან, რომელმაც წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრამდე ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება უნდა შეძლოს რუსეთიდან გერმანიაში, დანიის, ფინეთის, შვედეთისა და გერმანიის ტერიტორიული წყლების გავლით.

ამასთან, აღნიშნული პროექტის საპირწონედ, ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის (Liquefied Natural Gas –LNG) ინდუსტრია უფრო მეტად ექცევა ევროპის ყურადღების ცენტრში და მის ბაზარზე თანდათან პოპულარული ხდება.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის ექსპრეზიდენტის, ჟან კლოდ იუნკერის 2018 წლის შეხვედრის შემდეგ, ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპაში 760%-ით გაიზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები