ანი წითლიძე – უგულავას: ყოველდღიურად ახერხებ თავის გაბანძებას, შენ ვინ გეკითხება, ენმ ვის დააყენებს კანდიდატად
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანი წითლიძე “ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგი უგულავას მიერ მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა გეწაძის მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებსა და შეფასებას პასუხობს.
“უკვე მერამდენედ კარგავ სახეს და გავიწყდება, რომ სამიზნე ბიძინაა. მაგრამ შენი არადეკვატურობაც მესმის, იმის გათვალისწინებით, რაც შენს თავს დამართე და ყოველდღიურად ახერხებ თავის გაბანძებას.
ჯერ ერთი: შენ ვინ გეკითხება, ენმ ვის დააყენებს კანდიდატად. შენ რომ ენმ-ის ლიდერი იყავი, გეწაძე მაშინაც ზესტაფონის პარტიის თავმჯდომარე იყო და ეს პრეტენზიები მაშინ არცერთი არ გქონია. უფრო მეტიც. შენგან განსხვავებით გეწაძე მაშინაც პარტიის თავმჯდომარე და შტაბის ხელმძღვანელი იყო, შენ რომ ციხიდან გამოსვლის სანაცვლოდ ,,ჯართი,, გვეძახე. შენგან განსხვავებით, არც პარტიისთვის უღალატია, არც – გუნდისთვის და არც – ღირებულებებისთვის. ჯერ ,,ჯართი,, არ უძახებია და მერე – “იქნებ ზუგდიდი დამითმოთ” – მუხლებზე ჩოქვით არ მდგარა. ჯერ კანდიდატი არ დაგვიყენებია ზუგდიდში და რასაც აქ შენ კადრულობ, ეგეც გეყოფა გაბანძებისთვის.
შენგან ეს პოსტებიც მხოლოდ იმას მიანიშნებს, რომ სწორ გზაზე ვართ, აი, შენ კი ყოველდღე ფსკერს ხვრეტ, ჩემო გიგი. გპირდები, შედეგიც ისეთი გექნება ზუგდიდში, მაგ ფსკერიდან ვერ ამოხვიდე – იმიტომ კი არა, რომ შენს სიტყვას რამე ფასი აქვს, იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკაში შენნაირი არასწორი ტიპები აღარ იყვნენ”, – წერს ანი წითლიძე.
ცნობისთვის, გიგი უგულავამ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის ოლქში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა გეწაძის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და გეწაძეს “მოჩალიჩე” ტიპაჟი უწოდა, რომელსაც მხოლოდ ფული აინტერესებს.