გია ხუხაშვილი: პრემიერმინისტრობის კანდიდატების დოღი არასერიოზულია, მით უფრო, მითური პერსონაჟების მონაწილეობით, სააკაშვილი ხომ ასეთი პერსონაჟია

“ერთი რამ შემიძლია, დავადასტურო – დღეს ხელისუფლება უპირატეს მდგომარეობაშია”, – ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

ხუხაშვილმა ინტერვიუში სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ წინასაარჩევნოდ ჩატარებული კვლევების შედეგებიც შეაფასა.

“უკვე დიდი ხანია, კვლევები საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ინსტრუმენტია და არა – რეალობის ამსახველი. არ ვამბობ, რომ კვლევებს აყალბებენ, უბრალოდ, მათი ინტერპრეტირება ხდება. მაგალითად, როდესაც “ოცნებას” ფანტასტიკური რიცხვები მოჰყავს, ის იმ ამომრჩეველს ეყრდნობა, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ “ოცნებას” მისცემს ხმას და არ ითვალისწინებს იმ ამომრჩეველს, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია. არადა, დარწმუნებული ვარ, 2020 წლის არჩევნებზე გადამწყვეტ სიტყვას გადაუწყვეტელი ამომრჩეველი იტყვის, რადგან მათი რიცხვი ძალიან დიდია.

საით გადაიხრება ამომრჩეველი, ძნელი სათქმელია. მათ უმრავლესობას არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ოპოზიციაშიც ვერ პოულობს ღირსეულ ძალას. არ იცის, ვის მისცემს ხმას, მაგრამ არჩევნებზე წასვლას არ აპირებს. როგორც წესი, ამ ტიპის ამომრჩეველი გადაწყვეტილებას არჩევნებამდე ორი კვირით ადრე იღებს.

ერთ ამბავს შეგახსენებთ – 2012 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა კვლევა, რომელშიც “ნაცმოძრაობას” 37% ჰქონდა, “ქართულ ოცნებას” 12%, სხვა პარტიებს კი – 3-4%. მაშინაც ამომრჩევლის დიდი ნაწილი დაბნეული იყო, მაგრამ გარკვეულმა პროცესებმა ითამაშა კატალიზატორის როლი და “ნაცმოძრაობა” დამარცხდა. დღეს ასეთი თამაშია: თუ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ოპოზიციურ სპექტრში ვერ იპოვის ღირსეულ ძალას, ხელისუფლება ერთჯერადი კონტაქტის საშუალებით მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიაღებინებს. ასე რომ, სიტუაცია ჯერ კიდევ ბუნდოვანია. მე მხოლოდ ერთი რამ შემიძლია, დავადასტურო – დღეს ხელისუფლება უპირატეს მდგომარეობაშია. გარდა ამისა, ის აუცილებლად გავა პირველ ადგილზე, თუმცა, საკითხავია, შეძლებს თუ არა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას. თუ ხელისუფლებამ 40%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდება იმიტომ, რომ მაჟორიტარულ ოლქებში გვექნება მეორე ტური და თუ ამომრჩეველი იგრძნობს, რომ ხელისუფლება სუსტია, ოპოზიციურ ძალებს დაუჭერს მხარს. ასეთ შემთხვევაში, “ქართულ ოცნებას” კოალიციური მთავრობის ფორმირების შანსიც წაერთმევა.

პრემიერმინისტრობის კანდიდატების დოღი არასერიოზულია, მით უფრო, მითური პერსონაჟების მონაწილეობით. სააკაშვილი ხომ მითური პერსონაჟია?! კაცი საქართველოს მოქალაქე არ არის, ამასთან  – ბრალდებულია. მისი პრემიერობა მაშინაც კი გამორიცხულია, სულაც “ოცნებამ” რომ დაუჭიროს მხარი. ვიღაცებს ერთპროცენტიანი მხარდაჭერა აქვს და ამბობენ, მე უნდა გავხდე პრემიერიო. ამ საგიჟეთზე რა გითხრათ?! არც “ლელოს” კანდიდატს ექნება დიდი შანსი”, – განაცხადა ხუხაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები