კახა კალაძე: ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული პროცესის მსგავსად განვავითაროთ

“ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული პროცესის მსგავსად განვავითაროთ, საბოლოოდ კი ერთიან ევროპულ ოჯახში, ძლიერი ეკონომიკითა და უნიკალური ქართული კულტურით დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი”,- ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ზესტაფონში, ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბეჟან წაქაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს.

“მოგესალმებით! დღეს, ჩვენ ვიმყოფებით ზესტაფონში, ერთ-ერთ ყველაზე ინდუსტრიულ ქალაქში, სადაც მშრომელი და პატრიოტი ადამიანები ყოველდღიური საქმიანობით აძლიერებენ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.

2012 წელს, „ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ქართველ ხალხთან ერთად ძალადობრივი რეჟიმი ხელისუფლებას ჩამოაშორა და ქვეყნის დემოკრატიული, მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება დაიწყო. ადამიანი მთავარი ღირებულება გახდა ხოლო მისი უფლებების დაცვის სტანდარტი ყველაზე განვითარებული, დემოკრატიული ქვეყნების დონეზე ავიდა. ბევრ სფეროში ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელია არსებული ვითარება, თუმცა „ქართულმა ოცნებამ”, მაგალითისთვის შრომითი უფლებები კარდინალურად გააუმჯობესა, აღადგინა წინა ხელისუფლების პირობებში გაუქმებული ინსტიტუტები, კანონმდებლობა და ზოგადად ევროპული სტანდარტების მიმართულება გახდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

ჩვენ, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ და ეკონომიკური განვითარება, დემოკრატიული პროცესის მსგავსად განვავითაროთ, საბოლოოდ კი ერთიან ევროპულ ოჯახში, ძლიერი ეკონომიკითა და უნიკალური ქართული კულტურით დავიმკვიდროთ ღირსეული ადგილი.

არ დავიწყებ იმის მოყოლას, ბოლო წლების განმავლობაში თუ რამდენი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, როგორ გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურა, სოფლებში მისასვლელი გზა, რა პროგრამები განხორციელდა ჯანდაცვაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ეკონომიკის სამინისტროს მხარდამჭერი პროგრამები იმისთვის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს.

ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, რომელსაც სჭირდება ჩვენი ერთიანი ძალისხმევა, რომ შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში ამ პრობლემების მოგვარება.

მჯერა, თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად შევძლებთ 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. ეს არ იქნება მხოლოდ ზესტაფონის გამარჯვება, ეს არ იქნება მხოლოდ ამ რეგიონის გამარჯვება, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და წარმატება. ერთად საქართველოს წარმატებისთვის!”,- განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები