„ჭიათურის თეატრის უნიკალური შენობის დარბაზის იატაკი და კედლის მხატვრობა გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს“

„125 წლის ჭიათურის სახელმწიფო თეატრს, მძიმე კრიზისების მიუხედავად, შემოქმედებითი ცხოვრება არასოდეს შეუწყვეტია, დაშვებული ფარდა და ვერგახსნილი თეატრალური სეზონი ჩვენს თეატრს არ ახსოვს“…

დიდი ტრადიციის მქონე ჭიათურის სახელმწიფო თეატრს საამაყო და გასახსენებელი ბევრი აქვს. დასში სამი თაობის მსახიობები – უფროსი, საშუალო და ახალგაზრდა თაობის პროფესიონალები ერთად ქმნიან თანამედროვე ჭიათურის თეატრის საინტერესო ისტორიას…
მაგრამ ბოლო წლების მანძილზე ჭიათურის თეატრის უნიკალური შენობის მდგომარეობა სავალალო გახდა. 1979 წლის შემდეგ თეატრის დარბაზს რესტავრაცია არ ჩატარებია, შენობის დანესტიანებამ კატასტროფულად იმატა პანდემიის დროს.
ამჟამად გადაუდებელ დახმარებას ითხოვს დარბაზის იატაკი და კედლის მხატვრობა, რომელიც რობერტ სტურუა უფროსს ეკუთვნის და ცნობილი ქართველი მსახიობების უნიკალურ პორტრეტებს წარმოადგენს… კარგი იქნებოდა, თუ ფონდი „ქართუ“ ჭიათურის თეატრსაც გაუწევდა დახმარებას.
ამ და სხვა პრობლემებზე „კვირა“ ესაუბრა ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის დირექტორსს – ნანა წერეთელს.

  ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრს ას წელზე მეტი ხნის ისტორია აქვს.  ის დიდი ტრადიციების მქონე თეატრია…
– უპირველეს ყოვლისა, დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩვენი თეატრით დაინტერესების გამო, ჭიათურის სახელმწიფო თეატრის დაარსების თარიღად1894 წლის 11 დეკემბერი ითვლება, ამ დღეს პირველი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა ჭიათურაში, რომელიც მანგანუმის მრეწველთა, კერძოდ, ძმებ გიორგი და ირაკლი დეკანოზიშვილების მიერ იყო ორგანიზებული. ორი წლის შემდეგ, 1896 წელს, მანგანუმის მრეწველთა საბჭო შეიქმნა, რამაც მრეწველობასთან ერთად ქალაქის დაარსებასაც შეუწყო ხელი.
ამდენად, ჩვენი თეატრი მსოფლიოში ერთადერთი თეატრია, რომელიც ქალაქთან ერთად დაარსდა. ამ ფაქტმა განაპირობა ჭიათურაში სრულიად თეატრალური საზოგადოების ჩამოყალიბება. თეატრისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე დამოკიდებულებას ხელი შეუწყო მრეწველთა საბჭოს მიერ მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჭიათურაში იმ დროის ყველაზე გამოჩენილი პროფესიონალი რეჟისორების მოწვევამ, ალექსანდრე წუწუნავას და ვალერიან შალიკაშვილის თეატრალური სეზონები გახდა დასაბამი ჭიათურაში პროფესიული მუდმივი დასის ჩამოყალიბებისა, რომელიც საქართველოში რიგით მესამე მუდმივი დასი იყო რუსთაველისა და მარჯანიშვილის დასების შემდეგ. პროფესიული სრულყოფა და მაღალი პროფესიონალიზმი ძირითადი საყრდენი  და ქვაკუთხედი გახდა ჭიათურის თეატრის შემოქმედებითი განვითარებისთვის.
–  თეატრს მუშაობა მძიმე 90-იან წლებშიც არ შეუწყვეტია… 1997 წელს კი მისი 100 წლის იუბილე აღინიშნა, რამაც  თეატრს  ახალი სიცოცხლე შთაბერა…
– 125 წლის ჭიათურის სახელმწიფო თეატრს, მძიმე კრიზისების მიუხედავად, შემოქმედებითი ცხოვრება არასოდეს შეუწყვეტია, დაშვებული ფარდა და ვერგახსნილი თეატრალური სეზონი ჩვენს თეატრს არ ახსოვს, მძიმე 90-იან წლებშიც ახერხებდა თეატრი სეზონში 1 ან 2 ახალი სპექტაკლის დადგმას, 100 წლის იუბილეს აღნიშვნა კი მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ,ვინაიდან უმძიმეს ეკონომიკურ და ფინანსურ კრიზისში მყოფი ქალაქისთვის მართლაც წარმოუდგენელი იყო საიუბილეო სახსრების გამოყოფა.
საბედნიეროდ, ჩვენს თეატრს მხსნელად მოევლინა იმ დროს საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მართლაც დიდებული პროფესიონალი და ღირსეული მამულიშვილი, ბატონი დავით იაკობიძე, რომელმაც ჭიათურის თეატრის გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის და საიუბილეო წარმოდგენის დადგმისთვის სუბსიდია გამოუყო .
– 2000 წლიდან  თეატრმა წარმატებული სვლა დაიწყო …  იმერეთის პირველი თეატრალური ფესტივალით გაიხსნა განახლებული შენობა, ჭიათურელთა დასის სპექტაკლი კი გრან-პრის მფლობელი გახდა…
– 2000 წლიდან თეატრმა კრიზისიდან თავის დაღწევა შეძლო, 2002 წელს დასრულდა სოციალური ინვესტიციების ფონდის მიერ თეატრის შენობის დანგრეული ნაწილის აღდგენა-რეაბილიტაცია, ამავე წელს ჭიათურაში გაიხსნა იმერეთის პირველი თეატრალური ფესტივალი, სადაც ჩვენი თეატრის სპექტაკლი რეჟისორ ნუგზარ ლორთქიფანიძის მიერ განხორციელებული – „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ გრან-პრის მფლობელი გახდა, ხოლო მთავარი როლების შემსრულებლები – ქეთევან შარიქაძე და როდერ ჩაჩანიძე სპეციალური პრემიებით დაჯილდოვდნენ.
ახალ საუკუნეში დადგმული პირველი წარმატებული სპექტაკლი მართლაც ფეხბედნიერი აღმოჩნდა ჩვენი თეატრისთვის, ყოველწლიურად თანდათან გაიზარდა თეატრის სუბსიდირება, მოიმატა  სპექტაკლების რაოდენობამ, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში ჩვენი თეატრისთვის მომზადდა მსახიობთა ახალი თაობა, რომლებიც დღეს წარმატებული მსახიობები არიან, ასევე თეატრში მოწვეული იქნა პროფესიონალი რეჟისორი და პედაგოგი ანდრო ენუქიძე, რომელმაც განაახლა დასი და წარმატებული სპექტაკლებით გაამდიდრა თეატრის რეპერტუარი.
2015-2016 წლებში ჭიათურის თეატრმა ორჯერ მოიპოვა იმერეთის თეატრალური ფესტივალის გრანპრი და ფოთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სპეციალური ჯილდო თუმანიშვილის ვაშლი
– 2013 წლიდან ჭიათურის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად მამუკა ცერცვაძე დაინიშნა და წარმატებების ახალი ტალღა დაიწყო, პირველივე სპექტაკლმა მიხეილ ჯავახიშვილის „ლამბალო და ყაშამ“ მაყურებლის გულწრფელი ოვაცია დაიმსახურა. ხოლო იეშუა სობოლის „გეტო“ იმერეთის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებული გახდა, ასევე ფესტივალის გრან-პრი მოიპოვა კახა გოგიძის სპექტაკლმა – მიხეილ ჯავახიშვილის „მუსუსმა“.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რეჟისორ გიორგი შალუტაშვილის მიერ ქუთაისისა და ჭიათურის თეატრებში განხორციელებული კოპროდუქცია, ირაკლი სამსონაძის მართლაც ბრწყინვალე პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი – „მეთევზე ერთი… ორი“… სწორედ ამ სპექტაკლით წარდგა ჩვენი თეატრი ფოთის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე და სპეციალური პრიზით, მიხეილ თუმანიშვილის ფონდის მიერ დაარსებული თუმანიშვილის ვაშლით დაჯილდოვდა.
არასოდეს დამავიწყდება ის განცდა, როდესაც სრულიად მოულოდნელად ამ ფონდის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მანანა ანთაძემ სცენაზე მიმიწვია და არაჩვეულებრივი ჯილდო გადმომცა, ეს ჯილდო ჩვენი თეატრის წარმატების თილისმად ვაქციეთ, ამავე წელს სპეციალური პრემიები მოიპოვეს ჩვენმა მსახიობებმა – არჩილ ხვედელიძემ, სოფო ლეთოდიანმა, ამირან ნასყიდაშვილმა, ხოლო ახალგაზრდა მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე ერთ სეზონში ოთხი პრემიის,  მათ შორის ზურაბ ჟვანიას სახელობის წინანდლის პრემიის ლაურეატი გახდა.
ვამაყობთ, რომ ჩვენს დასში სამი თაობის მსახიობები თანამშრომლობენ, უფროსი, საშუალო და ახალგაზრდა თაობის პროფესიონალები ერთად ქმნიან თანამედროვე ჭიათურის თეატრის საინტერესო ისტორიას…
– თეატრმა 2016 წელს 120 წლის იუბილეც აღნიშნა. მაგრამ,  სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ შენობა კაპიტალურად აღდგენას საჭიროებს, გაქვთ პრობლემები. ამან  განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში იჩინა თავი. სამწუხაროა, რომ ასეთი მდიდარი ტრადიციის მქონე თეატრი ასე დარჩა. კარგი იქნებოდა, თუ  ფონდი „ქართუ“ თქვენს თეატრსაც გაუწევდა დახმარებას…
– 2016 წლის 14 იანვარს ჭიათურის თეატრში ზეიმით აღინიშნა ქართული თეატრის დღე და ჩვენი თეატრის 120 წლის იუბილე, თეატრმა უამრავი სტუმარი მიიღო,  საქართველოს ეროვნულ არქივსა და ხელოვნების სასახლეში დაცული უნიკალური ისტორიული ფოტოების გამოფენა გაიმართა. თეატრის წინ გაიხსნა საქართველოს დამსახურებული არტისტის როდერ ჩაჩანიძის სახელობის ვარსკვლავი…
ბოლო წლების მანძილზე ფრიად დამძიმდა ჭიათურის თეატრის უნიკალური შენობის მდგომარეობა, 1979 წლის შემდეგ თეატრის დარბაზს რესტავრაცია არ ჩატარებია, 70-იან წლებში დაზიანებული ვენტილაციის სისტემის არარსებობის გამო კატასტროფულად იმატა შენობის დანესტიანებამ, რაც განსაკუთრებით დამძიმდა პანდემიის დროს.
ამჟამად გადაუდებელ დახმარებას ითხოვს დარბაზის იატაკი და კედლის მხატვრობა, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, რობერტ სტურუა უფროსს ეკუთვნის და ცნობილი ქართველი მსახიობების უნიკალურ პორტრეტებს წარმოადგენს…
ცალკე მინდა აღვნიშნო იმ სიხარულისა და კეთილი შურის განცდა, რაც ჩვენი მეგობარი თეატრების აღდგენილი შენობების ხილვისას დამეუფლა, ძნელად მეგულება უფრო დიდი და მართლაც საშვილიშვილო საქმე, ვიდრე ამ უნიკალური სათეატრო ნაგებობების აღდგენა და მათი თავიდან დაბადებაა.
როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, გულწრფელ მადლობას ვუხდი ფონდ ,,ქართუს”, მის თითოეულ თანამშრომელს, ჩვენი კულტურის უნიკალური ძეგლების გადასარჩენად ესოდენ კვალიფიციური და მართლაც ფილიგრანული სამუშაოსთვის.
– 20 წელია, ჭიათურის დრამატული თეატრის დირექტორი ხართ. მისი სიხარულის და ტკივილის მოზიარე. რას უსურვებდით თეატრს?
– ბედნიერ ადამიანად ვთვლი თავს, რომ ბოლო ორი ათეული წელი განგებამ აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახურება მარგუნა, ადამიანს ბედნიერებას საყვარელი საქმის კეთება ანიჭებს, თეატრი ჩემთვის სწორედ ესაა, ამასთან, თეატრი ყველაზე ძველი, ყველაზე მარადიული და ყველაზე ცოცხალი ხელოვნებაა, რომელიც რაც დრო გავა, უფრო მეტად დასჭირდებათ ადამიანებს სწორედ ცოცხალი ემოციებით და ადამიანური ვნებებით..
თუ გავაცნობიერებთ, რომ ამქვეყნად ყველაზე მთავარი ადამიანური ურთიერთობებია, ცოცხალი, უშუალო ურთიერთობები და ამაში ჩვენი მთავარი მოკავშირე სწორედ თეატრალური ხელოვნებაა, მივხვდებით, რაოდენ საჭიროა, ვიფიქროთ და ვიზრუნოთ თეატრზე, უბრალოდ ვიაროთ თეატრში – საკუთარ თავში ადამიანის გადასარჩენად…

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები