“ერთად შევძლებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია”

“დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად შევძლებთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენს თანამოქალაქეებს, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიასა და ერთგულია დემოკრატიული ღირებულებების”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტი საქართველოს დემოკრატიულ ტრადიციას ღირსეულად აგრძელებს.

„ჩვენ პატივს ვცემთ ყველა იმ თაობათა ძალისხმევას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. საქართველოს პარლამენტი ღირსეულად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ ტრადიციას, იცავს მათ მემკვიდრეობასა და კანონის უზენაესობას. მოქალაქეებზე ორიენტირებული და მათ წინაშე ანგარიშვალდებული მმართველობის მშენებლობა არის ის ღირებულებები, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით. მოგეხსენებათ, კოლეგებო, სწორედ თქვენი მონაწილეობით, ჩვენ განვახორციელეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა – პირველად უახლეს ისტორიაში საქართველო არჩევნებს ატარებს არსებითად პროპორციული სისტემით და 2024 წლიდან უკვე სრულად პროპორციული სისტემით. ჩვენ ვაგრძელებთ ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები