საერთაშორისო სავალუტო ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება ისევე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან ონლაინფორმატში შემაჯამებელი შეხვედრა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთკვირიანი მისიის პერიოდში, ფონდმა პოზიტიურად შეაფასა ქვეყნის მაკროეკონომიკური ვითარება ისევე, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებები.
როგორც აღინიშნა, მნიშვნელოვანია, ქვეყანამ შეინარჩუნოს ეკონომიკური მდგრადობა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალი წლიდან ეკონომიკის გაჯანსაღებასა და სწრაფ აღდგენას.
წლის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდი კიდევ ერთხელ მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკურ ვითარებას. შემფასებელი მისია ოქტომბერში გააგრძელებს მუშაობას.