მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები ფართოვდება
მარიამჯვრის დაცულ ტერიტორიებს ახალი კატეგორია ემატება. ცივგომბორის აღკვეთილის სტატუსი მიენიჭება მარიამჯვრის მოსაზღვრე 4935,8 ჰა ტერიტორიას.
როგორც “კვირას” დაცული ტერიტორიების სააგენტოდან აცნობეს, ცივგომბორის აღვკეთილის დაარსების მიზანი ტერიტორიაზე წარმოდგენილი საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის მურა დათვის, კეთილშობილი ირმისა და მერქნიანი სახეობების მაღალმთიანი მუხისა და უთხოვარის დაცვაა.
“აღნიშნულ ტერიტორიას მნიშვნელოვანი რეკრეაციული ღირებულება და ეკოტურისტული პოტენციალი აქვს, რომლის განვითარების შემთხვევაშიც, ვიზიტორს შესაძლებლობა ექნება, მოინახულოს მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მოხვდეს სხვადასხვა ტურისტულ პუნქტში სოფ. თეთრ წყლებში, შუამთაში, თელავში, წინანდალსა და უძველეს ისტორიულ ქალაქ ჭერემში.
ცივ გომბორი მრავალფეროვანი ლანდშაფტითა და პანორამული ხედებით გამოირჩევა. მუხის, ფიჭვისა და ღვიის ხეებით წარმოდგენილი ტყეები, წელიწადის ნებისმიერ დროს იდეალურ გარემოს ქმნის ვიზიტორების ჯანსაღი დასვენებისთვის.
მარიამჯვრის დაცული ტერიტორიები მნიშვნელოვან ბიოგეოგრაფიულ ერთეულს წარმოადგენს და ზურმუხტის ეკოლოგიურ ქსელში შედის.
მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების ფართობში 1022.5 ჰექტარის ნაცვლად, 5958.3 ჰექტარი ტერიტორია შევა და მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალსა და ცივ-გომბორის აღკვეთილს მოიცავს”, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.
მარიამჯვრის დაცული ტერიტორიების გაფართოების შესახებ კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში უკვე დაიწყო.