“ნაცმოძრაობის” რეკეტს შეწირული ზუგდიდელი ბიზნესმენი – რა როლი აქვს მამუკა ხაზარაძეს ყორშიებისთვის ქონების ჩამორთმევაში

 

არცერთს, ნული, ფაქტები არის ნული – ასე უპასუხა ანაკლიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მყოფმა მამუკა ხაზარაძემ “რეგიონული კვირის” კითხვას, თუ რამდენ ადამიანს წაართვა “თიბისი” ბანკმა ბინა ზუგდიდში, მაშინ, როცა კომპანიას ის ხელმძღვანელობდა.

პარტია “ლელოს” გუშინდელ შეხვედრაზე მედია რომ პირადი სიმპათიის მიხედვით იყო მიწვეული, თავად ლიდერი რამდენიმე მედიასაშუალების მიმართ აგრესიულობით რომ გამოირჩეოდა და ხაზარაძის დაცვამ “რეგიონული კვირის” ჟურნალისტს პროფესიულ საქმიანობაში ხელი რომ შეუშალა, ამის შესახებ უკვე გაშუქდა. აღნიშნული ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ, “რეგიონულ კვირას” “თიბისი” ბანკისგან დაზარალებული ერთერთი ადამიანი დაუკავშირდა.
როგორც ზუგდიდელი ლაშა ყორშია იხსენებს, ოჯახის ქონება, რომელიც დაახლოებით 5 მილიონ ლარს აჭარბებდა, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, როცა ბიზნესზე გამუდმებული რეკეტი ხორციელდებოდა, თავად მამუკა ხაზარაძემ გადაუფორმა მაშინდელი საოლქო პროკურორის, როლანდ ახალაიას დისშვილს.

“იქ სადაც დღეს „თიბისი“ ბანკის ზუგდიდის ფილიალია, 2 მლნ ლარის ინვესტიციას ვგეგმავდით და ეს ქონება ხაზარაძემ კაპიკებში იყიდა. ჩვენს ბიზნესზე ნადირობა 2004-2005 წლიდან დაიწყო, როდესაც სამეგრელოს გუბერნატორი იყო გიგი უგულავა, მამაჩემს არ აპატიეს ის, თუ როგორ აიმაღლა ხმა, საკუთარი ბიზნესის შევიწროების წინაღმდეგ, რადგან მაშინ ხელისუფლება ბიზნესს სრულად აკონტროლებდა”, – ამბობს ლაშა ყორშია.
როგორც გარდაცვლილი ბიზნესმენის, თემურ ყორშიას შვილი აღნიშნავს, „თიბისი“ ბანკის იმჟამინდელმა მმართველმა და დირექტორმა მამუკა ხაზარაძემ მისი ოჯახის ქონების უკანონოდ მითვისებით „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი დანაშაული „გააპრავა“.
ყორშიას თქმით, “წინახელისუფლების მონა და მათი დანაშაულებრივი ქმედებების „გამპრავებელმა“ მამუკა ხაზარაძე პროკურატურამ არაერთხელ დაიბარა საქმეზე დასაკითხად, როგორც ოქროს მოწმე, თუმცა ლაშა ყორშიას მტკიცებით, ხაზარაძე დღემდე დუმს, რაც მისი თქმით, უფრო მეტად ბუნდოვანს ხდის ისედაც ბურუსით მოცულ საქმეს.
„არაერთხელ ოფიციალურად მივმართე პროკურატურას, რომ დაკითხულიყვნენ მოწმეები და სწორედ, მამუკა ხაზარაძე წარმოადგენს ამ საგამოძიებო პროცესში ე.წ. ოქროს მოწმეს, რომელიც დღემდე დუმს. საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად 11 წელია ვიბრძვი, ამას არ მოვეშვები მანამ, სანამ ბოლომდე არ მივიყვან, რადგან ეს მამაჩემის სახელს, რომელიც პირდაპირ ვადებ ხელს, როლანდ ახალაიამ მოაკვლევინა და ოჯახის ღირსებას ეხება. თორემ ქონების დაბრუნებაზე საუბარი საერთოდ არ არის“, – ამბობს “რეგიონულ კვირასთან” ლაშა ყორშია.
ცნობისთვის, თემურ ყორშია თემურ ჭყონიას კომპანიის „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა” და მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ბორჯომი” სადისტრიბუციო ქსელს ხელმძღვანელობდა სამეგრელოში. გარდაცვლილი ბიზნესმენი ზუგდიდში, რაიკომის შენობის უკან კერძო ნაკვეთს ფლობდა, სადაც „ბორჯომის” საფირმო მაღაზია ააშენა, ასევე ააშენა უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი და კაფე-რესტორანი. ამასთან ფლობდა შარტავას ქუჩაზე მდებარე პოლიციის ძველ შენობას, სადაც დღეს „თიბისი ბანკია” განთავსებული.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობისგან” დევნილმა ბიზნესმენმა თემურ ყორშია რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მაშინდელი ხელისუფლების მოთხოვნით ის მოსკოვში დაიჭირეს. 2011 წლის 25 მარტს, გათავისუფლებამდე სამი დღით ადრე, თემურ ყორშია მოსკოვის საპყრობილეში საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახს კი აცნობეს, რომ მან თავი მოიკლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები