სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობით ახმეტისა და თელავის რაიონებში სეტყვასაშიში პროცესები მნიშვნელოვნად შესუსტდა
კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის აქტიური მუშაობის შედეგად ახმეტისა და თელავის რაიონებში სეტყვასაშიში პროცესები მნიშვნელოვნად იქნა შემსუბუქებული. ამის შესახებ ინფორმაციას ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრი ავრცელებს.
“ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები რეგიონში დღის მეორე ნახევარში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან გავრცელდა და ეტაპობრივად მოიცვა ახმეტისა და თელავის რაიონები. 123 კმ2 საერთო ფართობის მქონე ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოიტანა უკვე ჩამოყალიბებული სეტყვის მარცვლების დიდი მასა. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 100 % შეადგინა, მოსალოდნელი მარცვლების ზომა კი 35 მმ-მდე მერყეობდა.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ 15:49-დან 19:52- საათამდე ღრუბლის მასები სამ ეტაპად დამუშავდა, გასროლილი იქნა 120 ერთეულამდე რაკეტა. დამუშავების პროცესი დასახლებული პუნქტების არსებობის გათვალისწინებით შეზღუდვების პირობებში მიმდინარეობდა.
სარაკეტო დამუშავების შედეგად, მოხერხდა რეგიონში შემოსული ფრონტალური ატმოსფერული პროცესების არსებულ მასშტაბებში შეკავება. სეტყვის მოსვლა, ძირითადად, სროლისთვის შეზღუდულ სექტორებში დასახლებულ პუნქტებში დაფიქსირდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის მიერ მონიტორინგი 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.