რა არ უნდა თქვათ და გააკეთოთ, ანუ დრეს-კოდი აფხაზურად – რუსი ტურისტის ჩანაწერები

„აუცილებლად დაკეტეთ ავტომობილი და საცხოვრებლის კარ – ფანჯარა, თორემ ფულისა და პირადი ნივთების გარეშე დარჩებით, ნუ ახსენებთ საქართველოსა და ქართველებს, განსაკუთრებით – დადებით კონტექსტში, მამაკაცებმა არ გაიკეთოთ საყურე, თორემ უსიამოვნობას გადაეყრებით“, – ეს იმ შეზღუდვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც უკუპირებულ აფხაზეთში ჩასულმა რუსმა ტურისტმა უნდა დაიცას. გარდა ამისა, აფხაზური დრეს- კოდის მიხედვით, მიუღებელია ავტოსტოპით მგზავრობა, ანუ თუ ვინმეს დამგზავრებას სთხოვთ, შესაძლოა, ამისთვის მწარედ დაისაჯოთ. უმჯობესია, ინიციატივა სატრანსპორტე საშუალების მფლობელმა გამოიჩინოს. დაუშვებელია ასევე სოხუმში კაფე – «У Акопа» -ში ქალის გამოჩენა. როგორც ირკვევა, იქ, ძირითადად, ადგილობრივი უხუცესები, ასევე, მაღალჩინოსნები იკრიბებიან და ყავასთან ერთად ჭადრაკითა და ნარდით ერთობიან.

როგორც ბელგოროდელი ტურისტი, ნასტია თავის თანამემამულეებს ურჩევს, ახალგაზრდა ქალბატონებმა სასეირნოდ უმჯობესია, დღის საათები შეარჩიონ ან ღამით მხოლოდ კარგად განათებულ ქუჩებს მიანიჭონ პრიორიტეტი.

ნასტიას „სასარგებლო რჩევების“ ჩამონათვალშია, ასევე, უარი მინიკაბებზე და კამათი ადგილობრივთან. როგორც ის ამბობს, ადგილობრივთან კამათს, თუნდაც უმნიშვნელო საკითხზე, აზრი არ აქვს – „ვერ დაარწმუნებ ან გადაარწმუნებ“. კიდევ ერთი რეკომენდაცია იქაურ ნესვსა და საზამთროს ეხება. „არ მიირთვათ, დიზენტერია გარანტირებულია“, – ამტკიცებს ნასტია.

ამ ეგრეთწოდებული დრეს-კოდის მიუხედავად, აფხაზეთში დასვენებაზე რუსები უარს მაინც არ ამბობენ. როგორც რუსული გამოცემა – lenta.ru წერს, ამის მთავარი მიზეზი სიიაფეა. როგორც ტურიზმის სპეციალისტები Tvil.ru -დან ამტკიცებენ, რუს ტურისტებს ოკუპირებულ აფხაზეთში განსაკუთრებით ახალი ათონი, გუდაუთა და სოხუმი მოსწონთ. 24 საათით საცხოვრებლის ქირაობა ახალ ათონში 2174 რუბლი, ხოლო გუდაუთაში 5848 რუბლი ღირს. როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის საზღვარზე თავისუფალი მიმოსვლა 1-ელ აგვისტოს აღდგა. ოკუპირებული აფხაზეთის „ოფიციოზის“ ინფორმაციით, წელს, შარშანდელთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 70-80 %-ით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები