დავით ზალკალიანი: უორდროპის დიალოგი იქცა საბაზისო საფუძვლად ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის ყველა სფეროში

უორდროპის დიალოგი იქცა საბაზისო საფუძვლად ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის ყველა სფეროში, – ამის შესახებ აქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მე-7 პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, უორდროპის სტრატეგიული დიალოგი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის უნიკალურ ფორუმს წარმოადგენს.

„სიამოვნებით აღვნიშნავ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, უორდროპის დიალოგი იქცა საბაზისო საფუძვლად ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობისთვის ყველა სფეროში, დაწყებული პოლიტიკის, საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ინვესტიციების სფეროებით და დამთავრებული კულტურითა და ხალხთა შორის კონტაქტებით. უორდროპის სტრატეგიული დიალოგი წარმოადგენს უნიკალურ ფორუმს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ამჟამად არსებული მდგომარეობის, გასული წლის მიღწევებისა და ასევე, მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების განსახილველად” – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ გაერთიანებულ სამეფოსთან არსებული სტრატეგიული კავშირების შემდგომ გაფართოებასა და გაძლიერებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რისთვისაც „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ” 2019 წლის ოქტომბერში ხელმოწერილი შეთანხმება მყარ საფუძველს ქმნის.

მინისტრის თქმით, გაერთიანებული სამეფო კვლავ საქართველოს ყველაზე საიმედო მეგობრად და გულმხურვალე მხარდაჭერად რჩება. მან მადლიერება გამოხატა ბრიტანეთის მთავრობის მიმართ საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში გაჟღერებული ხმამაღალი მხარდაჭერისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ასახვისთვის.

„ჩვენ უაღრესად ვაფასებთ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში გაერთიანებული სამეფოს მიერ შეტანილ წვლილს და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება გაერთიანებული სამეფოს ჩართულობა და კიდევ უფრო მტკიცე გახდება მისი პოზიცია რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში”- განაცხადა მან.

მინისტრმა ასევე ისაუბრა გაერთიანებულ სამეფოსთან უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე; საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში გაერთიანებული სამეფოს როლზე; სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას მნიშვნელობაზე; საინვესტიციო შესაძლებლობებით ბრიტანელი მეწარმეებისა და ინვესტორების დაინტერესებასა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობაზე.

საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მე-7 რაუნდი, ვირტუალურ ფორმატში 2020 წლის 9 სექტემბერს გაიმართა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები