500 Startups აქსელერატორის მეორე ნაკადის აპლიკაციების მიღებაზე რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Startups-ი რეგიონის მასშტაბით აქსელერაციის პროგრამას განაგრძობს. პროგრამის მეორე ნაკადის მიღებაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და ის 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება. პროგრამაში რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://ecosystems.500.co/500georgia/apply
500 Georgia-ს სახით პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა.
„მოხარულები და ამაყები ვართ, რომ სწორედ საქართველოს ბანკის, როგორც კერძო სექტორის და ძლიერი ფინანსური ინსტიტუტის ჩართულობით ასეთი გლობალური პროექტი ხორციელდება. ჩვენი მხრიდან პროექტის განსახორციელებლად დამატებით 1 მილიონი დოლარის მობილიზება მოხდება, რაც ქართველ სტარტაპებს უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან იმუშაონ. ეს არის ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე მოვლენა, ვინაიდან 500 Startups-ის შემოსვლა ხელს უწყობს ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენას და ეხმარება მათ წარმატებული კომპანიების შექმნაში, რაც საბოლოო ჯამში გლობალური ეკოსისტემის განვითარებას ემსახურება მიზნად. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს თავს და ქვეყანას ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში“,- განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა.
ინფორმაციისთვის, 500 Startups-ი მსოფლიოში ერთერთი უმსხვილესი აქსელერატორია. 2010 წლიდან, სილიკონ ველიზე მისი დაარსების დღიდან, 500 Startups-მა 2 400-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტირება, დღესდღეობით კი მისი კაპიტალი 600 მილიონ დოლარს აღემატება. აქსელერაციის პროგრამა საქართველოში საქართველოს ბანკის და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორობით ხორციელდება.
R