თურქეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხზე დგომით მგზავრობა აიკრძალა

თურქეთში, კორონავირუსის შემთხვევების მატების ფონზე, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ფეხზე დგომით მგზავრობა აიკრძალა.

ამის შესახებ რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაეფ ერდოღანმა განაცხადა.

მანამდე, ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია მეორე პიკს უახლოვდება. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, მაისიდან და ივნისიდან ახალი შემთხვევებისა და გარდაცვალების დღიური მნიშვნელოვანი მატებაა.

“დაავადების ზრდას ვაფიქსირებთ. ამასთან დაკავშირებით, ზომები მკაცრდება. კაფეები და რესტორნები კიდევ უფრო გაკონტროლდება. არავითარ შემთხვევაში არ იქნება დაშვებული ტრანსპორტში ფეხზე დგომით მგზავრობა”, – თქვა ერდოღანმა.

მისივე თქმით, მოქალაქეები, რომლებიც პირბადეს არ ატარებენ და სოციალურ დისტანციას არ იცავენ, დაჯარიმდებიან.

თურქეთში ბოლო ერთ დღეში “კოვიდ 19”-ის 1 703 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 15 მაისის შემდეგ რესპუბლიკისთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ქვეყანაში, ჯამურად, 281 509 დადასტურებული შემთხვევაა.

ასევე, 24 საათში ვირუსს 57 ადამიანი ემსხვერპლა, სულ 6 730 ლეტალური შემთხვევაა.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 10 მარტს გამოვლინდა, ვირუსი ევროპიდან დაბრუნებულ ადგილობრივს დაუდასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ “კოვიდ 19” პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები