თამარ ჟვანია: 31 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის მიცემისას ვგეგმავთ, ამომრჩეველს ინდივიდური კალამი შევთავაზოთ
“2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს ყველა ამომრჩეველს საკუთარი არჩევანის დასაფიქსირებლად შესაძლოა, ინდივიდური კალამი შევთავაზოთ”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ „პალიტრანისუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ ეთერში განაცხადა.
ჟვანიას თქმით, ამომრჩევლებს შესაძლებლობა ექნებათ, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი კალმითაც ისარგებლონ.
„ამომრჩეველთა დაცულობის თვალსაზრისით, ბევრ სხვადასხვა რამეზე ვფიქრობთ. სადეზინფექციო ხსნარები, რომლებიც ხელის დამუშავებას ითვალისწინებს, აშშ-ის საელჩოსა და USAID-ის დახმარებით, ყველა უბანზე გვექნება ხელმისაწვდომი. ამავდროულად, ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცესკო-მ წინსწრებით მიიღო და ვფიქრობთ, ესეც მოწონებული იქნება, ინდივიდურ კალმებს ეხება. ვგეგმავთ, ყველა ამომრჩეველს ინდივიდური, არავის მოხმარებული რომ არ არის, ასეთი კალმები შევთავაზოთ. კალმები იქნება ერთგვაროვანი, ყველასთვის ხელმისაწვდომი და, რა თქმა უნდა, ამ კალამს ამომრჩევლები მიიღებენ ერთჯერადად გამოყენებისთვის. სახლიდან თუ ვინმე წამოიღებს თავის კალამს, მას, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება, ის გამოიყენოს. მაგრამ ჩვენც ვგეგმავთ, ამომრჩეველს შევთავაზოთ ინდივიდური კალამი. მარკირების სითხის შემადგენლობა მიწოდებული გვაქვს ჩართული მხარეებისა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის. მათ გააკეთეს ამაზე განცხადება, რომ არ არის პრობლემა. თუმცა, მარკირების ახალი სითხე, რომელიც ამ არჩევნებზე იქნება გამოყენებული, შეკვეთილია და უცხოეთიდან ჩამოვა. ჩვენს ხელთ არსებული მარკირების სითხე ადრეც ყოფილა გადამოწმებული და არათუ სპირტით, მძიმე ქიმიური საშუალებებითაც კი შეუძლებელია მისი მოშორება. მე პირადად მაქვს დასხმული, შემოწმებული, ჩემს თანამშრომლებსაც და ამ კუთხით, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მარკირების სითხეს პრობლემა შეექმნას“, – განაცხადა ჟვანიამ.