გიორგი გახარია: დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება მთელი ქვეყნის მასშტაბით – ღია სივრცის პირობებში იქნება დამატებითი, მსუბუქი მოთხოვნები

“აუცილებელია სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების კონტროლის კიდევ უფრო გამკაცრება, განსაკუთრებით – დახურულ სივრცეში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ღია სივრცის პირობებში დამატებითი მოთხოვნები იქნება, თუმცა, შედარებით მსუბუქი.

„აშკარა მაგალითი გვანახა ჩვენ აჭარის რეგიონმა, სადაც, ასე ვთქვათ, ბოლო თვეების განმავლობაში ძალზე დიდი ქორწილები ჩატარდა და იქ იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მსგავსი სოციალური ღონისძიებები გახდა გადაცემის წყარო, ამიტომ, დახურულ სივრცეებში სოციალური ღონისძიებების ჩატარების კონტროლი გამკაცრდება, უკიდურესად გამკაცრდება, მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არ ეხება ღია სივრცეს, ღია სივრცის პირობებში დამატებითი მოთხოვნები იქნება, მაგრამ ეს იქნება შედარებით მსუბუქი მოთხოვნები”, – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება სრულად.

„ეს არის, ძირითადად, ის გადაწყვეტილებები რომლებიც ჩვენ მივიღეთ, აქედან, რა თქმა უნდა, მთავარია ბათუმსა და ქობულეთში პირველი ოქტომბრიდან სასწავლო წლის განახლება კლასებში, თუმცა დისტანციურად დაიწყება როგორც ყველგან, ეს ერთი. ასევე, მნიშვნელოვანია ნაცვალგების პრინციპით ჩვენი უცხოელი სტუმრებისთვის, რომლებიც თავისუფლად შემოდიოდნენ, მათთვის 72 საათიანი PCR ტესტის მოთხოვნა და რა თქმა უნდა, სოციალური ღონისძიებების მოთხოვნების გამკაცრება, ისევე როგორც საკარანტინო დღეების შემცირება. ეს არის ის ძირითადი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ. ვფიქრობ, დღეის მდგომარეობით ეს საკმარისია. ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ყველანი მზად უნდა ვიყოთ იმისთვის და ყოველთვის ვამბობდით, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. ცალკე აღებული ქვეყანა საქართველო სრულად გლობალურ პანდემიას რა თქმა უნდა ვერ დაამარცხებს. ჩვენ უნდა შევძლოთ, ვმართოთ ეფექტურად და ჩვენი ჯანდაცვის სისტემა იყოს მზად, შესაბამისი რაოდენობის PCR ტესტების ჩატარების შესაძლებლობა გვქონდეს და რისკები შევამციროთ, რასაც წარმატებით ვაკეთებთ. მთავარია, მინდა, ყველა დავაწყნარო, დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება სრულად და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრი მიმართულებით გავხსენით ეკონომიკაც, ახლა დავიწყებთ სასწავლო წელსაც ქვეყნის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულების რაოდენობა გაგვეზრდება, არანაირი რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის არ იქნება. ამას ჩვენ ვმართავთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები