საქართველოს ნაკრები გუნდების წარმატება ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით 2-6 სექტემბერს ევროპის ინფორმატიკის მე-4 ახალგაზრდული ოლიმპიადა, რეკორდულად ბევრი, 30-მდე ქვეყნის მონაწილეობით ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

“შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის”, ცნობით, ოლიმპიადის ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ მხარდაჭერას შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი და საქართველოს სამეცნიერო-საგანანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფდნენ.

“შესარჩევი ტურების შედეგად გამოვლინდნენ ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები- ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელები. ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს საქართველოს ნაკრები გუნდების წევრებმა, მათ ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს – ძირითადი გუნდის წევრებმა 1 ოქროს (ლუკა მოსიაშვილი), 1 ვერცხლის (იოსებ რიგვავა) და 1 ბრინჯაოს (ქეთა ციმაკურიძე) მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ლუკა მოსიაშვილი ევროპის 4 უძლიერეს მოსწავლეს შორის მოხვდა. ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მეორე გუნდის წევრმა ლუკა მელაძემ. 13-19 სექტემბერს ქართველი მოსწავლეები უკვე მსოფლიოს 32-ე ოლიმპიადაში მიიღებენ მონაწილეობას.

ოლიმპიადა 2 სექტემბერს ელექტრონულ ფორმატში საზეიმო ცერემონიით გაიხსნა, რომლის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შესახებ საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია, ოლიმპიადის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია და ოლიმპიადის პრეზიდენტი გიორგი მანდარია. ოლიმპიადის საზეიმო დახურვა დღეს, 6 სექტემბერს, 17:00 საათზე ონლაინ რეჟიმში გაიმართება.

2020 წლის საქართველოში ჩატარებული ოლიმპიადისთვის შეიქმნა ოფიციალური ვებგვერდი http://ejoi2020.ge, მომზადდა ამოცანები და სპეციალური ავტომატიზებული მატესტირებელი სისტემა.

ოლიმპიადის მასპინძლობით, მისი საერთაშორისო სტანდარტებისა და მაღალი დონის ორგანიზებით საქართველო კიდევ ერთხელ წარმოჩნდა როგორც ქვეყანა, რომელსაც ღირსეული ადგილი უჭირავს ევროპისა და მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებს შორის თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და ამ სფეროში სათანადო, მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებისა თუ პედაგოგიური კადრის არსებობით.

ინფორმატიკის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე ნაკრები საქართველოს გუნდები ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის შედეგებისა და დამატებითი შესარჩევი ტურის შედეგების საფუძველზე, შესაბამისი ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით შეირჩა.

ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებაა, რომლის მიზანია საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. იგი იმართება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის წესებისა და სტანდარტების მიხედვით. პირველად ევროპის ინფორმატიკის ახალგაზრდული ოლიმპიადა (EJOI) 2017 წელს ბულგარეთში გაიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები