მიხეილ რამიშვილი: მოწმეების ჩვენებებს გამოვამზეურებთ და გამოჩნდება, რომ ეს მოწმეები გულახდილები არ არიან

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ის ხვალიდან იმ მოწმეების ჩვენებებს გაასაჯაროებს, რომელთა გავრცელებაც „პროკურატურას არ აწყობს“.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში რამიშვილი აღნიშნავს, მოწმეების ჩვენებიდან ირკვევა, რომ გამოძიება ობიექტურად წარმართული არ არის.

„მოწმეების ჩვენებებს გამოვამზეურებთ და გამოჩნდება, რომ ეს მოწმეები გულახდილები არ არიან. გარკვეულწილად, გამოჩნდება, რომ ზეწოლის ქვეშ არიან და გამოძიების დაკვეთებს ასრულებენ. პროკურატურის ინტერესშია, რომ ეს ჩვენებები არ გაასაჯაროონ“, – აცხადებს რამიშვილი.

გუშინ გენერალურმა პროკურატურამ საბოლოო ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის თანახმად, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის სხეულიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში: კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნაწლავი, თირკმელი, კუნთი – აღმოჩნდა წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე პრეპარატების შემცველი ნივთიერებები, ამავე დასკვნით, გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ოდენობა ასეულებით აღემატება დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას. ამავდროულად, აღნიშნული მედიკამენტები ერთდროულად მიღებისას აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას ორგანიზმზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები