“ღირსეული პარტნიორი 2020”-ში მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტიდან სენაკში გადაადგილდება

მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2020“ მონაწილე ამერიკული სამხედრო ტექნიკა ფოთის პორტიდან მთელი დღის განმავლობაში ეტაპობრივად გადაადგილდება სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე. მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სამხედრო ქვედანაყოფში შესვლამდე სამხედრო ტექნიკას დეკონტამინაცია უტარდება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 6 და 8 სექტემბერს დილიდან კი, ამერიკული საბრძოლო ჯავშანმანქანებით „სტრაიკერი“ და „ჰამერი“, ლოჯისტიკური მხარდამჭერი მანქანებითა და არტილერიით დაკომპლექტებული 9 სამხედრო კონვოი სენაკიდან სწავლების თეატრში – ვაზიანში მარშირებით საათნახევრიანი შუალედებით გადაადგილდება.
„ღირსეული პარტნიორი 2020“-ში მონაწილეობის მისაღებად ამერიკული სამხედრო ტექნიკა გემით Ocean Freedom ვირჯინიის პორტის ნორფოლკის ტერმინალიდან რუმინეთში, კონსტანცას პორტის გავლით საქართველოში, ფოთის პორტში შემოვიდა და ჩამოტვირთვის შემდეგ დროებით სენაკში, II ქვეით ბრიგადაში გადავიდა.
„ღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები