რატი იონათამიშვილი: ჩვენ პარტიებზე მორგებული ნორმები არაფერში გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება სწორ ხედვებსა და პრინციპებზე მორგებული საარჩევნო ნორმები
„ჩვენი ინიციატივა არის მორგებული სწორ პრინციპებზე, ხოლო რაც ბატონმა რომანმა წარმოადგინა, ნამდვილად „ნაციონალურ მოძრაობაზე” მორგებული ნორმა იყო და, ცხადია, ჩვენ პარტიებზე მორგებული ნორმები არაფერში გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება სწორ ხედვებსა და პრინციპებზე მორგებული ნორმები”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იყო და მომხსენებლებსაც მადლობას ვეტყვი იმისთვის, რომ თავიანთი ალტერნატიული წინადადებები წარადგინეს და გვქონდა განხილვა. ნამდვილად დემოკრატიული პროცესია და კარგია ასეთი პრეცედენტების შექმნა ამ სივრცეში და დარწმუნებული ვარ, მომავალ პარლამენტში ეს კიდევ მეტად იქნება განვითარებული და საზოგადოებისთვის უფრო მარტივი იქნება გადაწყვეტილებების გამოტანა.
ალტერნატიული წინადადებები სიახლეს არ წარმოადგენდა. ჩვენ მანამდეც გვქონდა მსჯელობები, მსჯელობებთან ერთად, ჩვენ გვქონდა კონკრეტული პოზიციები ჩამოყალიბებული და პოზიციებთან ერთად გადაწყვეტილებები და, აქედან გამომდინარე, შესაბამისად, ვერ მოხერხდება გაზიარება ამ ინიციატივებისა და აქ ჩვენი პოზიციები ვერ შეიცვლება.
რაც შეეხება ბატონი რომანის მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, ვფიქრობთ, რომ სისხლის სამართლის ნაწილში ჩვენი ვერსია ბევრად უფრო დახვეწილი და ბევრად უფრო შესაბამისია იმ ნორმებსა და პრინციპებთან, რაც სისხლის სამართლის კონცეფციას უნდა ჰქონდეს ამ შეთხვევაში. სხვა მიმართულებითაც ვფიქრობთ, რომ ჩვენი ინიციატივა არის მორგებული სწორ პრინციპებზე, ხოლო რაც ბატონმა რომანმა წარმოადგინა, ნამდვილად „ნაციონალურ მოძრაობაზე” მორგებული ნორმა იყო და ცხადია, ჩვენ პარტიებზე მორგებული ნორმები არაფერში გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება სწორ ხედვებსა და პრინციპებზე მორგებული ნორმები”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.