ეკა სეფაშვილი დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა” და „პოსTV”-ს დასანქცირებაზე: ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი, რასაც საქართველოს იმ პროქსი ომში ჩართვა ჰქვია, რომელშიც უკრაინა უკვე 4 წელია იბრძვის
პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი, ეკა სეფაშვილი, მედიასთან გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების – „იმედისა” და „პოსTV”-ს დასანქცირებას. დეპუტატის აზრით, ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი. სეფაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ხდება ახალი გადანაწილება და ამ პროცესში საქართველოს მსხვერპლის როლი ჰქონდა მინიჭებული. მისი სიტყვებით, საქართველომ ხალხის, „ხალხის ძალის”, მთავრობისა და „იმედისა” და „პოსTV”-ს ერთობლივი ძალისხმევით შეძლო რუსეთთან ომის თავიდან აცილება:
„საქართველოს ჰქონდა განსაზღვრული როლი, რაც ჩვენ 4 წლის წინ, თებერვლის მიწურულს მოვისმინეთ – საქართველო უნდა ჩართულიყო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში. ამას ჩვენი ქვეყანა გადაურჩა მხოლოდ იმის წყალობით, რომ ქართული საზოგადოება მტკიცედ დადგა მშვიდობის, წესრიგისა და უსაფრთხოების მხარეს” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
დეპუტატმა თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ გადადგმული ნაბიჯი 2 ქართული ტელევიზიის მიმართ, აჩვენებს გლობალური მოთამაშეების მარცხს, საქართველოს პროქსი ომში ჩართვის პროცესში. სეფაშვილის სიტყვებით, „იმედი” და პოსTV” სწორედ ამიტომ დაისაჯნენ.
„რასაც ახლა ვუყურებთ, ჰიბრიდული ომის ნაწილია და გამოიყენება როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება საკითხის გლობალურ განზომილებას, მიმდინარე მოვლენები არ შეეხება მხოლოდ ბრიტანეთის პოზიციების შესუსტებას სამხრეთ კავკასიაში. საქმე გვაქვს გაცილებით დიდ მასშტაბთან. დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში ხდება ძალთა ხელახალი ბალანსის დამყარება, უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნა და განახლებული დღის წესრიგის ჩამოყალიბება. მსოფლიოს მიმდინარე გადანაწილებაში ვხედავთ ძალიან ბევრ კონფლიქტს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და, ზოგადად, თითქმის მთელ მსოფლიოში. გლობალური ძალები დემონსტრირებენ თავიანთ ძალაუფლებასა და შესაძლებლობებს. ამ პროცესში საქართველოს ჰქონდა განსაზღვრული როლი, რაც ჩვენ 4 წლის წინ, თებერვლის მიწურულს მოვისმინეთ – საქართველო უნდა ჩართულიყო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაში. ამას ჩვენი ქვეყანა გადაურჩა მხოლოდ იმის წყალობით, რომ ქართული საზოგადოება მტკიცედ დადგა მშვიდობის, წესრიგისა და უსაფრთხოების მხარეს. ასე კი მოხდა იმის გამო, რომ ჩვენი ხალხი შეიარაღებული იყო სიმართლით, რაშიც დიდი როლი შეასრულეს ტელეკომპანიებმა – „იმედმა” და „პოსTV”-მ. რა თქმა უნდა, „ხალხის ძალის” დამსახურებასაც უნდა გავუსვა ხაზი. მიზანს მივაღწიეთ ერთობლივი საქმიანობით. რასაკვირველია, „ქართული ოცნებაც” ამ საქმეში იყო ჩართული და ახერხებდა იმ ინფორმაციულ ნაკადებთან გამკლავებას, რომელიც რეალობას ამახინჯებდა. ეს იყო ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მმართველი ხელისუფლებისა და მედიის ერთობლივი ბრძოლა ჰიბრიდულ ომში, რომელიც, ამ კონკრეტულ ეტაპზე დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. ძალიან მნიშვნელოვანი როლი კი, სწორედ ამ ტელევიზიებმა ითამაშეს. გლობალურ თამაშში, რომელშიც საქართველო შესაწირად გამწესებული პაიკი იყო და მსხვერპლად უნდა შესწირვოდა დიდი, „გლობალური ბიძების” თამაშს, მათი დღის წესრიგისათვის შეესრულებინა გარკვეული დატვირთვა – მეორე ფრონტის გახსნა – სწორედ ეს ვერ გააკეთეს ამ ტელეკომპანიების აქტიურობის გამო. თორემ, საბაბი, რომ „იმედმა” და „პოსTV”-მ ისაუბრეს უკრაინაში კორუფციაზე და ამიტომ ხდება მათზე შეტევა, არის ძალიან სასაცილო და ღიმილისმომგვრელი. სამწუხაროა, რომ ამგვარ ნაბიჯებს ვხედავთ დემოკრატიის ერთ-ერთი ფუძემდებელი ქვეყნისგან, საიდანაც მაგალითს ვიღებდით, თუნდაც ჩვენი მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობის დახვეწისას. დღეს, როცა დიდი ბრიტანეთი ასე არაპროფესიონალურად, ასეთი ძალიან ხელოვნური საბაბით მსგავს ნაბიჯებს დგამს, მიუთითებს მათივე მარცხზე – მათ არ შეუძლიათ ამ ყველაფრისათვის მეტად ხელშესახები მიზეზის მოგონება. ესაა ჰიბრიდული ომის ნაწილი, რასაც საქართველოს იმ პროქსი ომში ჩართვა ჰქვია, რომელშიც უკრაინა უკვე 4 წელია იბრძვის. ამ პროქსი ომზე არა მარტო ჩვენ, არამედ აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია, რიგი ევროპული ქვეყნების ლიდერები და პოლიტიკოსებიც ძალიან ღიად საუბრობენ” – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.