მოხალისეობრივი პროექტების განხორციელება დაიწყო

არასამთავრობო ორგანიზაცია – “ჰელფინგ ჰენდი”, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის ეროვნულ სააგენტოსთან პარტნიორობით, უკვე მესამე თვეა, ახორციელებს მასშტაბურ მოხალისეობრივ პროექტს, რომელიც ახალგაზრდების ჩართულობით COVID 19-ის გამოწვევების საპასუხოდაა მიმართული.
ვირუსის გავრცელებამ შექმნა უპრეცედენტო საფრთხე მთელ მსოფლიოში და, მათ შორის – საქართველოშიც. ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად, ცხადია, წარმოიშვა სირთულეები სხვა მიმართულებითაც, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური თუ კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროები. პანდემიური და პოსტპანდემიური გარემო უარყოფით გავლენას ახდენს მოსახლეობის, პრაქტიკულად, ყველა სეგმენტზე, განსაკუთრებით კი – სოციალურად დაუცველ, ხანდაზმულ, იძულებით გადაადგილებულ, შეზღუდული შესაძლებლობების პირებზე და ა. შ.
“ჰელფინ ჰენდის” მიერ ორგანიზებული პროექტის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება მოხალისეობრივი გზით, პროექტის ფარგლებში სათანადო ცოდნის მიღება და უნარ-ჩვევების გამომუშავება, შედეგად კი – მთელი ქვეყნის მასშტაბით სწორედ აღნიშნული გამოწვევების საპასუხო აქტივობების დაგეგმვა.
პროექტში ჩართულმა 150-ზე მეტმა მოხალისემ უკვე გაიარა პროფესიონალური ტრენინგები, რის შემდეგაც თავიანთ თემში დაიწყეს კონკრეტული პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრის გზებზე მუშაობა. საქმიანობის წარმატებით განხორციელებაში მათ მენტორები და “ჰელფინგ ჰენდის” კვალიფიციური წარმომადგენლები ეხმარებიან. ორგანიზაციას აქვს მოხალისეობრივი ქსელის წარმატებით მართვის მრავალწლიანი გამოცდილება და სათანადო ადამიანური თუ ტექნიკური რესურსები.
მოხალისეებმა საინტერესო პროექტების დაგეგმვა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყეს. აგვისტოს თვეში მათი ორგანიზებით ათობით პროექტი განხორციელდა და დაიგეგმა, მათ შორისაა:
– პროექტი – “თანატოლი თანატოლისთვის”, რომელიც მიზნად ისახავს დაეხმაროს კახეთისა და რაჭის რეგიონში მცხოვრებ მოზარდებს, რათა მათ გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა სასკოლო საგანში. ახალგაზრდა მოხალისეები ინდივიდუალურ/ჯგუფურ ონლაინ-შეხვედრებს მართავენ ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით; პროექტის ავტორები: მარიამ ბეშიძე და მარიამ გოგინაშვილი;
– საკვირაო, არაფორმალური განათლების ონლაინ-სკოლა მოზარდებისათვის, ინტენსიური შეხვედრებით  ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორიცაა, მაგალითად: დემოკრატია, მოხალისეობა, მედია-წიგნიერება, ტოლერანტობა და ა.შ,  ონლაინ ინტელექტუალური მარათონი თუ ესეების კონკურსი, პროექტების ავტორი: თაზო ჯოჯუა;
– ვებინარი უცხოეთში სწავლითა თუ საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობით დაინტერესებულთათვის, პროექტის ავტორი: თაკო ნოსელიძე;
– პროექტი – ,აქტიური სვლა’’ – ყოველკვირეული გამაჯანსაღებელი და სათავგადასავლო ლაშქრობა კუს ტბის მიმდებარედ, ბულბულების ჭალაზე, ავტორი: ალეკო ქვრივიშვილი;
– პროექტი – „კოვიდი თანასწორობისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირთა უფლებებისა და პრობლემების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ავტორები: ნიკოლოზ წიკლაური და ანა სიხაშვილი;
– გამაჯანსაღებელი ლაშქრობები და საგანმანათლებლო აქტივობები რაჭაში, სოფელ წესში, ავტორი: ბარბარე მელიქიძე;
– პანელური დისკუსიები სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით და საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები მოსწავლეებსა და სოფლის მოსახლეობასთან, მცხეთაში, სოფელ მუხრანში, ავტორი: თამარ პაპიაშვილი
– საქველმოქმედო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოხალისეთა ჯგუფი ქალაქ თბილისში, სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს საკვები პროდუქტებით დაეხმარა, ავტორი: ანა ბარამაშვილი;
– ხატვის ინდივიდუალური გაკვეთილები დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ქალაქ ბათუმში, ავტორი: თინი თურმანიძე;
– საგანმანათლებლო შეხვედრები მოსწავლეებთან და სოფლის მოსახლეობასთან, მოხალისეობის არსისა და ისტორიის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მოხალისეობრივი გამოცდილების საკითხებზე – მცხეთაში, ავტორი: ქეთევან მუსელიანი;
– არაფორმალური განათლების კლუბი კასპის მუნიციპალიტეტში, რომლის მიზანიც ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობა იქნება, კლუბში დაიგეგმება საგანმანათლებლო შეხვედრები, ტრენინგები და აქტივობები; ავტორი: ქეთევან ჭაღიაშვილი;
– ახალგაზრდული ონლაინ-სამიტი – სადაც მონაწილე ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცემათ იმსჯელონ საქართველოში COVID-19 პანდემიის მიერ გამოწვეულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ავტორები: სალომე კაშია, ვიქტორია არაქელიანი და მარიამ ბეშიძე;
– ონლაინ-ტრენინგები ახალგაზრდებისთვის, თემაზე: „მითი თუ რეალობა’’. ტრენინგების მთავარი მიზანი იყო COVID19 ვირუსთან დაკავშირებით არსებული მითების და დეზინფორმაციის შესახებ მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება; ავტორი: ნიკოლოზ გოგავა;
ეს და სხვა ათობით პროექტი, მოხალისეთა ინიციატივით, მომავალ თვეებშიც გაგრძელდება, რითაც, ერთი მხრივ, მოხდება სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში  მოზარდებისა და ახალგაზრდების მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა, მეორე მხრივ – მოხალისეთა მობილიზება თავიანთ თემში პრობლემების გადაწყვეტისა და სათანადო ჯგუფების მხარდაჭერის მიზნით.
უკვე განხორციელებული პროექტებიდან ჩანს, რომ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეების საქმიანობის სფერო მრავალფეროვანი და განსხვავებულია და ხორციელდება თითოეული მოხალისის სურვილისა და რესურსის შესაბამისად.
მოხალისეთა მიერ უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტების შედეგად, შესაძლებელი გახდება პოზიტიური ურთიერთ-კომუნიკაციის გაზრდა, იზოლაციური განცდების შემცირება, მოტივაციის ამაღლება, თემსა და მოწყვლად ჯგუფებში წარმოქმნილი კონკრეტული პრობლემების მოგვარება.
მოხალისეთა პროექტების შესახებ სრული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში და მოხალისეთა პლატფორმაზე, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში შეიქმნა:
https://www.facebook.com/helpinghendi/
http://youthvolunteering.ge/

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები