“დრიმლენდ ოაზისი” ჩაიკეტა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჩაქვში მდებარე სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისი” გარკვეული ვადით ჩაიკეტება.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, გარკვეული ვადით „დრიმლენდ ოაზისი“ ჩაიკეტოს, ამასთან, სასტუმროში დაიწყება ეპიდემიოლოგიური კვლევა”, – განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, სასტუმროში, სადაც ერთერთ ვიზიტორს კორონავირუსი დაუდასტურდა, კონფერენციას 400-მდე ექიმი ესწრებოდა.

„მნიშვნელოვანი მდგომარეობაა სასტუმრო „ოაზისში“, სადაც 400-მდე ქართველი ექიმი ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ესწრებოდა. იქ აუცილებლად უნდა ჩასულიყვნენ ჩემი მოადგილე – თამარ გაბუნია და, ასევე, რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი – ზაალ კაპანაძე. ამ დროისათვის, მიგვაჩნია, რომ მათი ვიზიტი უნდა გადაიდოს, ვინაიდან იცით, სასტუმრო „ოაზისში“ კორონავირუსი დაფიქსირდა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ვადით სასტუმრო „ოაზისი“ ჩაიკეტება, თუმცა, ამასთან, მყისიერად მივიღეთ ზომები, რომ ამ სასტუმროში დაიწყოს ეპიდემიოლოგიური კვლევა, ექიმების ტესტირება, რათა მოხდეს მათი გადანაწილება თვითიზოლაციასა და კარანტინში, პროტოკოლის შესაბამისად”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ინფიცირების წყარო ქუთაისში ინფიცირებულ პირთან კონტაქტია.

სასტუმრო “ოაზისში” 900-მდე ვიზიტორია რეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები