ცხინვალის ე.წ. პარლამენტის მუშაობა პარალიზებულია – ე.წ. დეპუტატები გენპროკურორის გადადგომას ითხოვენ

ე.წ.სამხრეთ ოსეთის დეპუტატთა ჯგუფმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია იმაზე, რომ “პარლამენტის მუშაობა ჩერდება იქამდე, სანამ ანატოლი ბიბილოვი ხალხისთვის მიცემულ პირობას არ შეასრულებს და გენერალურ პროკურორს თანამდებობიდან არ გაათავისუფლებს”.

განცხადებას ხელს 17 დეპუტატი აწერს.

მანამდე, 25-მა დეპუტატმა ანატოლი ბიბილოვისადმი მიმართვა მოამზადა, რომელშიც “გენპროკურორის, ურუზმაგ ჯაგაევის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს”.

​როგორც ე.წ.პარლამენტის სპიკერმა, ალან ტადტაევმა განაცხადა, 17 დეპუტატის განცხადება “პარლამენტის მუშაობის საბოტაჟს წარმოადგენს”.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივების პროტესტი პატიმარ ინალ ჯაბიევის 28 აგვისტოს გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც მანამდე, სავარაუდოდ, ნაწამები იყო.

ე.წ.საგამოძიებო იზოლატორთან იმავე დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა ე.წ.გენპროკურორის გადადგომა და ყველა დამნაშავე პირების დასჯა მოითხოვეს.

მომხდარს დე ფაქტო პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ჯაბიევის გარდაცვალების საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს და ე.წ. შს მინისტრი, იგორ ნანიევი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მოგვიანებით, დე ფაქტო მთავრობაც გადადგა, ე.წ. პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე კი დე ფაქტო პრეზიდენტისადმი მიმართვა მომზადდა ე.წ. გენპროკურორის გადაყენების მოთხოვნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები